თამთა მეგრელიშვილი: ემოციური განწყობების მიუხედავად, პირს, რომელმაც აშშ-ის პასპორტით გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი და დარღვეული არ აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, უარი ვუთხრათ ქვეყანაში შემოსვლაზე
“ემოციური განწყობების მიუხედავად, პირს, რომელმაც აშშ-ის პასპორტით გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი და დარღვეული არ აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, უარი ვუთხრათ ქვეყანაში შემოსვლაზე”, – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ორმაგი სტანდარტის პირობებში, პირველყოფილი თემის წესებით გაუსწორდე პირს მაშინ, როცა ზუსტად იცი, რომ ამით რუსეთში მცხოვრები უამრავი ქართველის მიმართ უარყოფითი განწყობები მძაფრდება, პატრიოტიზმი არ არის.
,,ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ორი მხარე აქვს – ემოციური და სამართლებრივი.
ემოციურად ჩემთვის მიუღებელია ჩემი ქვეყნისა და სახელმწიფოს მიმართ სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქის სიტყვაში ან საქმეში გამოხატული ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება!
ცივილური სამყაროს იდეიდან გამომდინარე, ჩემი და თქვენი ამ ემოციური დამოკიდებულების გვერდით ყოველთვის დგას სამართლებრივი მხარე.
რუსეთი ოკუპანტია! … მხოლოდ ემოციებით კი ვერაფერს ვცვლით!
ემოციური განწყობების მიუხედავად, პირს, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით გადმოკვეთა ჩვენი ქვეყნის საზღვარი და დარღვეული არ აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი უარი ვუთხრათ ქვეყანაში შემოსვლაზე.
დაწესებული რეგულაციების დაცვა სავალდებულოა ყველასთვის!
დაუცველობისთვის პირები დაჯარიმდნენ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგი, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, საერთო პრობლემაა!
ორმაგი სტანდარტის პირობებში, პირველყოფილი თემის წესებით გაუსწორდე პირს, მაშინ, როცა ზუსტად იცი, რომ ამით რუსეთში მცხოვრები უამრავი ქართველის მიმართ უარყოფითი განწყობები მძაფრდება,
პატრიოტიზმი არ არის!
არც ოკუპაციის ხაზს იქეთ თქვენი უკანალის ჩვენება იყო პატრიოტიზმი! ქმედებები, რომელიც მხოლოდ ემოციებს ემყარება, დამღუპველია!
ჯერ სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი უნდა გავხდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, გამარჯვებულის პოზიციიდან მოვაყაროთ ამ გამარჯვებას ემოციის მარილი”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ, შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დღეს დილით დატოვა.