ბუკერის პრემიის 13 რჩეულ ნაწარმოებს შორის ნანა ექვთიმიშვილის რომანი მოხვდა
საერთაშორისო ბუკერის პრემიის 2021 წლის სპეციალურმა ჟიურიმ მთელი მსოფლიოდან 13 რჩეული ნაწარმოები გამოავლინა, მათ შორის მოხვდა ქართელი ავტორის, ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“. ინფორმაციას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.
ფინალისტების სია 22 აპრილს გამოქვეყნდება, ხოლო 2 ივნისს ცნობილი გახდება გამარჯვებული.
რომანი პირველად ქართულ ენაზე 2015 წელს გამოიცა. ნანა ექვთიმიშვილი ფილმების „გრძელი ნათელი დღეები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ რეჟისორია, თუმცა მან ამ რომანით უკვე წარმატებას მიაღწია. წიგნს 2016 წელს ერთდროულად გადაეცა პრემიები -„საბა“ და „ლიტერა“, როგორც საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი და ილიაუნის ლიტერატურული პრიზი, როგორც 2014-2015 წლების საუკეთესო ქართულ რომანს.
ბუკერის პრემია — ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო 50 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობით. პირველი პრემია გაიცა 1969 წელს.