ირაკლი კობახიძე: თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? – თუ საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ მედიატორ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დროს რიგგარეშე არჩევნებისა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე ულტიმატუმი დააყენა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, არჩევნები ყველას მიერ არის აღიარებული, რადგან გაყალბების ვერც ერთი პუნქტი ვერ დამტკიცდა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „მან საკუთარი თავი თავად დაიჭირა“ .

„ოპოზიციამ დააყენა ულტიმატუმი ორ მთავარ საკითხზე, ერთი ეხებოდა რიგგარეშე არჩევნების თემას, მათი ულტიმატუმი ითვალისწინებდა ორიდან ერთ ალტერნატივას, ეს იყო რიგგარეშე არჩევნების ყოველგვარი პირობების გარეშე ჩატარება და პლებისციტი.

ეს იყო ულტიმატუმი, რომელიც არჩევნებს უკავშირდებოდა მაშინ, როდესაც შეგახსენებთ, დანიელსონის დოკუმენტი საერთოდ არ ეხებოდა არჩევნებს, რაც იმის დასტურია, რომ ეს არჩევნები არის ყველას მიერ აღიარებული, რადგან არჩევნების გაყალბების ვერც ერთი პუნქტი ვერ დამტკიცდა და ვერც დამტკიცდება იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა. მეორე ულტიმატუმი ეხებოდა რურუას გათავისუფლებას, ამასთან დაკშირებით კითხვებიც კი დავსვით.

მაგალითად, თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? თუ საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს საქართველოში პოლიტიკას, ეს საერთოდ სხვა დანაშაულია, უფრო მძიმე, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება.

ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, უფრო მეტიც გამოვიდა მძიმედ შეურაცხმყოფელი განცხადებით, „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“ და ერთადერთი შანსი დაუტოვა სახელმწიფოს, რომ კანონის შესაბამისად ემოქმედა. მის ნაბიჯებს მოჰყვა მელიას დაპატიმრება. მან საკუთარი თავი თვითონ დაიპატიმრა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მელია ვიღაცამ დააპატიმრა და შემდეგ ამით ვაჭრობს, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა. მელიამ თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი“,-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები