ვან გოგის დაბადების დღე და „ქუჩის სცენა მონმარტრში”
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ვან გოგის დაბადების დღეს მისი შედევრის გამოქვეყნებით ეხმაურება, რომელიც მარტში სოტბის აუქციონზე 13 მილიონ ევროდ გაიყიდა.
„1853 წლის 30 მარტს დაიბადა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი – ვინსენტ ვან გოგი.
ჰოლანდიელი არტისტი პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად მიიჩნევა. მისმა ფერმა, ფუნჯის მონასმმა და კონტურულმა ფორმებმა დიდი გავლენა მოახდინა ასევე ექსპრესიონიზმის მიმდინარეობაზე თანადროულ ხელოვნებაში.
ვან გოგის მიმართ ინტერესი მისი გარდაცვალების შემდეგ გაიზარდა, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის ბოლოს, როდესაც მისი ნამუშევრები რეკორდულ ფასად იყიდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონზე. მხატვარი სიცოცხლეში ფსიქიკურ დაავადებას ებრძოდა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ათწლეულის განმავლობაში მან შექმნა დაახლოებით 2100 ნამუშევარი.
„ქუჩის სცენა მონმარტრში” 1887 წელს შეიქმნა, თუმცა ნახატმა დღის სინათლე 2021 წელს ნახა. ტილოზე პარიზელები არიან ასახულნი, რომლებიც სეირნობენ მონმარტრზე, პარიზის ისტორიულ უბანში. ეს ქუჩები დღესაც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ბოჰემური ადგილია.
ვინსენტ ვან გოგის ეს ნახატი საზოგადოებამ პირველად საუკუნის შემდეგ ნახა. მთელი ეს პერიოდი ტილო ფრანგი ოჯახის პირად კოლექციაში ინახებოდა და მხოლოდ 2021 წლის თებერვალში გამოჩნდა ფართო საზოგადოებითვის. მარტში კი ტილო სოტბის აუქციონზე 13 მილიონ ევროდ გაიყიდა. ნახატი ვან გოგის ნამუშევრების განთქმული სერიის – „წისქვილები კაბარეებს ენაცვლებიან” ნაწილია“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში,