სალომე სამადაშვილი: ველოდებით მედიატორისგან კონტურს შესაძლო შეთანხმების, ჩვენი გულწრფელი სურვილია, შეთანხმება შედგეს და ქვეყანა გამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან
“ჩვენ ველოდებით მედიატორისგან ინფორმაციასა და კონტურს შესაძლო შეთანხმების – ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ შეთანხმება შედგეს და ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ამ უმძიმესი კრიზისიდან შეთანხმების გზით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, შეთანხმება სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს.
“ჩვენ ველოდებით მედიატორისგან ინფორმაციას და კონტურს შესაძლო შეთანხმების – ჩვენი გულწრფელი სურვილი არის, რომ შეთანხმება შედგეს და ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ამ უმძიმესი კრიზისიდან შეთანხმების გზით იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. მე მგონი, ყველას გვესმის, ეს არის კიდევ ერთი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან და ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოლოდინი. თქვენ იცით, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა დღემდე იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია კომპრომისისთვის და ეს შეთანხმება შემდგარიყო. მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე, სამწუხაროდ, ხელისუფლების პოზიციამ შეუძლებელი გახადა პროგრესი და რაიმე შეთანხმებაზე საუბარი. ჩვენ, პირველ ყოვლისა, დღეს მოვედით იმისთვის, რომ მოვისმინოთ, როგორ განახლდა ხელისუფლების პოზიცია მას შემდეგ, რაც მათ ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღეს ჩვენ სტრატეგიული პარტნიორებისგან. ამ შეთანხმებას ელოდება როგორც ბრიუსელი, ასევე ვაშინგტონი, ამიტომ მე შეხვედრაზე მეტს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ყველა პუნქტი, რომელიც არის აღწერილი მიშელის მიერ დადებულ გეგმაში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ყველა ამ პუნქტზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს. რა სივრცე არის შეთანხმებისთვის – ეს უკვე გამოჩნდება მედიატორთან ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ. ჩვენ სწორედ იმიტომ ვმონაწილეობთ მედიაციის პროცესში, რომ ველოდებით, მათ შორის, მედიატორებისგან, შემოგვთავაზონ, როგორ ხედავენ ისინი შესაბამის განვითარებას, შეთანხმების მიღწევის მიმართულებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღევანდელი და არაერთი შეხვედრის შემდეგ. ჩვენი პოზიციები საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რომ პოლიტპატიმრები – ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ და ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულების აღსრულება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა საბოლოოდ ეს არის ვადამდელი არჩევნები, არსებობს სხვადასხვა გზა მათ შორის, დიახ კომპრომისული წინადადებებიც რომელიც დააყენა ოპოზიციამ არა ერთხელ იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ იმ წერტილამდე, რასაც ჰქვია საბოლოოდ განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის”, – განაცხადა სამადაშვილმა.