ანტონ ობოლაშვილი – “ტვ პირველზე”: როგორც ჩანს, “ობიექტურ და პასუხისმგებლიან მედიას მიზნად აქვს, ყველას მიაყენოს რეპუტაციული ზიანი
“მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსში გასულ კადრებსა და ჟურნალისტის მიერ აშკარა ცილისმწამებლურ ბრალდებებს – თითქოს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვ ახლობლისთვის ვაქცინაციის პროცესში დახმარებას”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების,, დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ობოლაშვილი განმარტავს, კონკრეტულად, რა მიზეზით დაუკავშირდა მინისტრს და რა პასუხი მიიღო.
“სინამდვილე კი არის ასეთი: მოქალაქე აპირებს წასვლას ერთ-ერთ ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით. მომმართა თხოვნით, რომ გამერკვია, არის თუ არა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, ვინც სამუშაო ვიზიტით გადის ქვეყნიდან.
მივწერე მინისტრს კითხვით, რაზეც მივიღე პასუხი, რომ არსებული პროგრამით აღნიშნული მოქალაქე ასაკობრივ კატეგორიას ვერ აკმაყოფილებს.
რა არის ამაში უკანონო ან სკანდალური?
მე, როგორც დეპუტატი, თავს ვალდებულებად ვთვლი, არათუ მოქალაქეებს დავეხმარო, არამედ ხშირ შეᲛთხვევაში ვუშუამდგომლო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
როგორც ჩანს, “ობიექტურ და პასუხისმგებლიან მედიას” ეს ვალდებულებები ან სხვანაირად ესმის ან მიზნად აქვს, ყველას მიაყენოს რეპუტაციული ზიანი”, – წერს ობოლაშვილი.