ვან – გოგის „მონმარტრის ქუჩის სცენა“ 13 მილიონ ევროდ გაიყიდა
გუშინ პარიზის „სოთბის“ აუქციონზე გაყიდულ ვან-გოგის 1887 წელს შესრულებულ ტილოს „მონმარტრის ქუჩის სცენა” ახალი მფლობელი გამოუჩნდა. აღნიშნული სურათი ასი წლის განმვლობაში ერთ-ერთი პარიზული ოჯახის საკუთრება იყო და საჯაროდ არასოდეს გამოფენილა.
სურათის საწყისი ფასი იყო 5-8 მილიონ ევრომდე.
ამ იშვიათი ნიმუშის დასაუფლებლად რამდენიმე მსურველი ეცილებოდა ერთმანეთს. საბოლოოდ იმ ადამიანის საკუთრებად იქცა, ვინც მასში 13.1 მილიონი ევროს გადახდას დათანმდა. მყიდველის ვინაობა ანონიმურია, ამდენად, არავინ იცის, თუ რამდენად დაემსგავსება იგი ძველ მფლობელს, რომელსაც არასოდეს გამოუჩენია კეთილი ნება, რომ ვან-გოგის „მონმარტრის ქუჩის სცენა” ოდესმე რომელიმე გალერიისთვის ან მუზეუმისთვის ეთხოვებინა მაინც.
თუკი ახალი მესაკუთრე უფრო მოწყალე და ქველი აღმოჩნდება, იმ შემთხვევაში მას ფართო აუდიტორია ნახავს, რაც მართლაც კეთილშობილური ჟესტი იქნება. თუ არადა, არავინ უწყის, კიდევ რამდენ ხანს იქნება იგი საზოგადოებისთვის მოუწვდომელი. ალბათ მანამ, სანამ რომელიმე მუზეუმის საკუთრებად არ გადაიქცევა იგი.
პარიზის „სოთბის“ გუშინდელ აუქციონზე ვან-გოგის გარდა გაიყიდა მოდილიანის, პისაროს, როდენის, პიკაბიას, კამილ კლოდელის, დეგას, პოლ კლეეს, რენე მაგრიტის ნამუშევრები. და ყველა მათგანში საწყის ფასთან შედარებით საკმაოდ აღმატებული ფასი გადაიხადეს.
ეს ფაქტი აუქციონის მესვეურებს და სახელოვნებო ბიზნესის წარმომადგენლებს აფიქრებინებს, რომ კოვიდპანდემიას არ გაუნელებია ხელოვნების ნიმუშების შეძენის სურვილი. პირიქით, ერთწლიანმა სტაგნაციამ ამ სფეროში კიდევ უფრო გაამძაფრა კოლექციონერების წადილი, დაეუფლონ სასურველ ავტორებს.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან