,,ხმა ბგერების გარეშე“ – ნიკა ძამიაშვილის გამოფენა
27 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, თბილისის ისტორიის მუზეუმი მხატვარ ნიკა ძამიაშვილის გამოფენას – „ხმა ბგერების გარეშე“ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია თვითნასწავლი ახალგაზრდა მხატვრის ფერწერული ნამუშევრები.
ხელოვნებათმცოდნე ქეთი ტრაპაიძე:
„მისი სურვილი, დაინახოს მეტი, ერთი შეხედვით ჩვეულ ემოციებში, აშკარად უბიძგებს ავტორს ძიებისკენ. ხმა, ყვირილი, ემოციის ერთგვარი პორტრეტი – ყოველივე ეს, ნიკა ძამიაშვილისთვის სამყაროს ამოცნობის გზაა. ნამუშევრებში წარმოჩენილი ემოცია ვერ გახდება ზედაპირული, ვინაიდან მისი მიზანია, დამთვალიერებელს ესმოდეს, თავად აღიქვამდეს ხმას, ბგერების გარეშე, განცდას, სიტყვის გარეშე, ყვირილს, სინამდვილეს.
ეს ხმა, შეიძლება სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც ესმოდეთ – ამბობს ავტორი და ამით მარტივად ხსნის ნამუშევრებში თავმოყრილ სათქმელს.
ნიკა ძამიაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო შემდეგ გალერეებში: Universe; IArt Gallery. ამჯერად, მისი გამოფენა ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებითი მიგნებების განსხვავებულ გზას წარუდგენს დამთვალიერებელს“.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8