დავით გადელია: ვბრაზდები ექიმების ინერტულობასა და უაზროდ გამოთქმულ ეჭვებზე, სწორედ ექიმები აფერხებენ საკუთარი გადამდები ქცევით და ანტიპროპაგანდით ვაქცინაციას

ძალიან ვბრაზდები ექიმების ინერტულობაზე და ხშირ შემთხვევაში უაზროდ გამოთქმულ ეჭვებზე. სწორედ ექიმები აფერხებენ საკუთარი გადამდები ქცევით და ანტიპროპაგანდით ვაქცინაციას, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოში საუკეთესო ვაქცინებია შემოტანილი.

„ნურავის ეწყინება… ისეთი რამეები წავიკითხე აცრების შესახებ ამ სივრცეში, არ ვიცი, გავბრაზდე, თუ ვიცინო! “ვაქცინაში ფული გააკეთეს და უნდა ძალად შემოგვასაღონ!..” თუ ფული უკვე გაკეთდა, რა მნიშვნელობა აქვს ავიცრებით თუ არა- აცრა ხომ უფასოა?! “ანტივაქსერი კი არ ვარ, მინდა ზუსტად ვიცოდეთ, რა გვერდითი მოვლენები აქვს..” ზუსტად, ამ ახალ პრეპარატზე კი არა, ათწლეულების განმავლობაში გამოყენებულზე ვერ ვიტყვით, როდის გამოიწვევს ანაფილაქსიურ შოკს. სწორედ დღეს მომიყვა ჩემმა მეგობარმა, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს, რომ ადრე ბევრჯერ გაუკეთებია ნოვოკაინი, მაგრამ შარშან, ლოს ანჯელესში, საჭიროების გამო მივიდა კლინიკაში, გაუკეთეს მანიპულაციისთვის ნოვოკაინი და ისეთ დღეში ჩავარდა, მთელი კლინიკის ძალისხმევა დასჭირდა10 საათის განმავლობაში მის გადარჩენას. სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა მოქმედება და გართულება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ანაფილაქსიის შანსი ყველას ერთნაირი აქვს.

რა ვაქცინის შესაღებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ჯერჯერობით საუკეთესო ვაქცინებია შემოტანილი?! გარწმუნებთ, დიდი ალბათობით ამდენს ვეღარ მოგვცემენ ახლო მომავალში და დამთავრდება თუ არა ეს ორი პარტია, უნდა გადავიდეთ ჩინურ ვაქცინებზე, რომელსაც იმ რაოდენობით ამზადებენ, რომ ჩვენი ქვეყანა რაოდენობის თვალსაზრისით სათვალავშიც შეიძლება გამორჩეთ ჩინელ მწარმოებლებს. უხარისხო არც ჩინური იქნება, მაგრამ ახლა ჩამოტანილები მაინც საუკეთესოდაა მიღებული.

…თუ არამედიკების მიერ გამოთქმული ეჭვები ასე თუ ისე გასაგებია და ახსნას საჭიროებს, ძალიან ვბრაზდები ექიმების ინერტულობაზე და ხშირ შემთხვევაში უაზროდ გამოთქმულ ეჭვებზე. სწორედ ექიმები აფერხებენ საკუთარი გადამდები ქცევით და ანტიპროპაგანდით ვაქცინაციას! სხვათა შორის, ეს არაა პირველი შემთხვევა- კარგად მახსოვს წითელას საწინააღმდეგო აცრებშიც ბევრი ექიმის ნეგატიური როლი. თუ არ გჯერა კაცობრიობის მეცნიერული მონაპოვრის, არ გწამს შენი საბრძოლო იარაღის ( და აცრა ერთადერთი იარაღია ჯერჯერობით), მაშინ რატომ ეწევი იმ საქმეს, რაც შენი არაა?! არანაირად არაა შენი პროფესია ექიმობა, თუ სიკეთის ნაცვლად (მართლაც რომ იყოს იმაზე მეტი რისკი რაც სინამდვილეშია!), საკუთარი მაგალითის მიცემის ნაცვლად – ეჭვს და უნდობლობას თესავ თანამემამულეებში! ვისაც გინდათ იმათ გეწყინოთ! მე არც მყავს ასეთი მეგობარი კოლეგებ ი- პირველივე დღეს ავიცერით ჩემებმა ყოველგვარი „ვაითუ“ და „ეგების“ გარეშე! კაცობრიობის გონის უნდა გჯეროდეს, უნდა გჯეროდეს იმ მედიკამენტის, რაც ამ გონის შედეგია (რა, სხვა შემთხვევაში არ გიხმარიათ ახალი პრეპარატი? თუ, ავადმყოფზე შეიძლება და საკუთარ თავზე – კარგად დავფიქრდეთ?! ექიმებს ბევრად მეტი მოგვეთხოვება და სხვა სპეციალობის ადამიანები ჩვენ შემოგვყურებენ ამ საკითხში მაგალითისთვის“, – წერს დავით გადელია.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები