„მოსამართლეების შერჩევის წესი კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება“ – იურისტი ნოდარ მელაშვილი

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით დაანონსებული რეფორმა ქართულ სასამართლო სისტემას კიდევ უფრო დახვეწს და გამჭვირვალეს გახდის”, – ამის შესახებ იურისტმა, ნოდარ მელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მელაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.

„გუშინ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაანონსდა. წლების განმავლობაში მიდის პროცესი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებას ეხება. გუშინ დაანონსებული კანონპორექტიდან და მმართველი გუნდის წარმომადგენლის მიერ გამართული ბრიფინგიდან გამომდინარე ირკვევა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ამ ცვლილებებით მოსამართლეების შერჩევის წესი და კრიტერიუმები კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს სხდომები ღია ხდება. შესაბამისად, ხმის მიცემაც ღია იქნება. საზოგადოების თითოეულ წევრს საშუალება მიეცემა, თითოეული კანდიდატისთვის მიცემულ ხმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს. ასევე, მნიშველოვანია შეფასების კრიტერიუმიები, რომელიც ამ ახალი კანონპროექტით შემოდის.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით დაანონსებული რეფორმა, ქართულ სასამართლო სისტემას კიდევ უფრო დახვეწს და გამჭვირვალეს გახდის.
ისმის სასამართლოში ე.წ. კლანთან დაკავშირებული ბრალდებები, ვფიქრობ, ეს უბრალოდ სპეკულაციაა და მეტი არაფერი. სასამართლო სისტემაში 2012 წლიდან განხორიელებული რეფორმებიდან გამომდინარე, ასევე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელიც ნებისმიერ კოლეგიას ეხება, 8 -წლიანი მმართველობის პერიოდში მე ვერც კლანის გავლენა დავინახე და ვერც – პოლიტიკური მართლსაჯულების ელემენტები. მე ვხედავ მმართველი გუნდის მუშაობასა და მონდომებას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა მეტად გამჭვირვალე და კვალიფიციური გახდეს“, – განაცხადა მელაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგი გუშინ გამართა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში არსებული საკითხების დახვეწა და კიდევ უფრო გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა, ჩვენი პატრნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა. შედეგად, უზრუნველყოფილი იყო საზოგადოების მიერ ამ პროცესისათვის მონიტორინგის გაწევა.
ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიასთან პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 2020 წლის 8 ოქტომბერს, შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც დავაინიცირეთ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში.
ჩვენი მიზანია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავაგრძელოთ სასამართლო სისტემის რეფორმირება მეტი გამჭვირვალეობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დაინიცირებული ცვლილებებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:
„გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია
შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ.

მეორე, საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. „სარეიტინგო სიის“ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.

მესამე, ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს.

დაბოლოს, წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლილებების განხილვას ორშაბათიდან დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები