26 მარტი შალვა ამირანაშვილის დაბადების დღეა
1899 წლის 26 მარტს დაიბადა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობისა და სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი მეცნიერი და კულტუროლოგი – შალვა ამირანაშვილი (1899-1975).
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, შალვა ამირანაშვილი თითქმის 40 წლის განმავლობაში (1939-1975) საქართველოს ხელოვნების მუზეუმს ხელმძღვანელობდა. მან ისტორიული როლი შეასრულა ხელოვნების მუზეუმის განვითარებისა და კოლექციების გამდიდრების საქმეში. 1945 წელს შალვა ამირანაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, საქართველოდან საფრანგეთში გახიზნული საგანძური სამშობლოში ჩამოიტანა და მისი დიდი ნაწილი ხელოვნების მუზეუმში დააბინავა. შალვა ამირანაშვილი არის არაერთი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი, რომელიც ხელოვნებათმცოდნეებისა და კულტურის მკვლევართათვის დღესაც აქტუალურია. დღეს ხელოვნების მუზეუმი შალვა ამირანაშვილის სახელს ატარებს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია.