სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, რომლითაც შსს-ს ორი ყოფილი თანამშრომელი ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დამნაშავედ ცნეს, უცვლელად ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენი, რომლითაც ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები – ნ.ჯ. და გ.ა. დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. “2012 წლის 09 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანის მიმართ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) არსებითი დარღვევა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილ ფაქტად მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მომჩივანის დაკავებისას ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. ასევე, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე. მითითებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და შესაბამისად, გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს, ქ.თბილისში, ვ.დოლიძის ქუჩის მიმდებარედ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.ჯ.-მ და გ.ა.-მ გადამოწმების მიზნით შეაჩერეს დაზარალებული და მისი მეგობრები. შემოწმების პროცესში სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორებმა გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს. ეს უკანასკნელი წააქციეს მიწაზე და ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სახისა და ტანის არეში. მათი ქმედებები არ იყო მიმართული დაზარალებულის დაკავებისკენ და აშკარად სცილდებოდა დაკავებისას გამოსაყენებელი პროპორციული ძალის ფარგლებს. ადგილზე გამოძახებულმა დამხმარე საპატრულო ეკიპაჟმა დაკავებული ორი პირი – გ.მ. და დ.ბ. გადაიყვანეს ქ.თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი ა.ც. და ადგილზე მყოფი შს სამინისტროს სხვა თანამშრომლები, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში ცემის შედეგად, გ.მ.-მ და დ.ბ.-მ მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. აღნიშნული ქმედებისთვის, 2018 წლის 26 მარტს, შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს – ნ.ჯ.-ს, გ.ა.-ს და ა.ც.-ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და გამოძიების დასრულების შემდეგ, საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით, ნ.ჯ., გ.ა. და ა.ც. დამნაშავედ იქნენ ცნობილნი სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ნ.ჯ.-ს და გ.ა.-ს, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 3 თვით და 1 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, ხოლო ა.ც-ს განესაზღვრა 1-წლიანი პირობითი მსჯავრი, 1 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა 2 000 ლარი. საქართველოს პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება. აღნიშნულ პროცესზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.