გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის სამწლიანი ლიცენზია გაიცა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია სამწლიანი ვადით გაიცა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან თეთრყვავილას ბოლქვების ექსპორტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება, ყველაზე დიდი რაოდენობით კი – ჰოლანდიაში.
“გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლიცენზიის გაცემას წინ უძღოდა კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევები.
გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება თეთრყვავილას ბოლქვების კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
თეთრყვავილას ბოლქვი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებშია შეტანილი. აღნიშნული კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს არეგულირებს და წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას საფრთხეში მყოფი მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.