სალომე სამადაშვილი: იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გადახედავს საკუთარ პოზიციებს და იმ განწყობით არ მოვა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კომპრომისისთვის მზად ვართ. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ყოველგვარი პირობების გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებს მოლაპარაკებებში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, სამადაშვილის თქმით, მშვიდობიანი პროტესტი კონსტიტუციით დაცული უფლებაა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კომპრომისისთვის მზად ვართ. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ყოველგვარი პირობების გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებს მოლაპარაკებებში. რაც შეეხება სხვა საკითხებზე კომპრომისებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება იმას, როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, აქ შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე და ჩვენ მზად ვართ შესაბამისი კომპრომისისთვის. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გადახედავს საკუთარ პოზიციებს და იმ განწყობით არ მოვა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს, როგორც ეს დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს მოხდა. ოპოზიციამ არაერთხელ დაადასტურა შეთანხმების მზადყოფნა.
პროტესტი არის კონსტიტუციით დაცული უფლება, რომელსაც მოქალაქეები მიმართავენ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ხმამაღლა გამოხატოს საკუთარი პოზიცია იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ დამსახურებით შეიქმნა ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.