თამარ გაბუნია: კლინიკების მზაობა ვაქცინაციისთვის არის მაქსიმალური
კლინიკების მზაობა ვაქცინაციისთვის არის მაქსიმალური, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, „ფაიზერთან“ დაკავშირებით პერსონალისთვის დამატებით ტრენინგი ჩატარდა.
„ანტიშოკური მზაობა არის აუცილებელი სავალდებულო მოთხოვნა, არა მხოლოდ „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინისას, არამედ ნებისმიერი სხვა ვაქცინისაც. კლინიკები მზად არიან. იმედია, არ დაგვჭირდება მსგავსი რამ, მაგრამ მზაობა არის მაქსიმალური. ანაფილაქსიური მართვის პროტოკოლიც სამინისტროს უკვე აქვს რამდენიმე თვეა, პერსონალსაც ტრენინგი გავლილი აქვს. ვფიქრობ, ტექნიკური მზაობა არის ძალიან მაღალი, მთავარია აქტივობაც გვქონდეს მაღალი, რომ ვაქცინების დოზები გამოვიყენოთ ბოლომდე. „ფაიზერის“ შემთხვევაში 21 დღე არის ის ინტერვალი, რომელიც უნდა დავიცვათ ინექციიდან ინექციამდე. მაშინ, როცა „ასტრაზენეკას“ დროს ინტერვალი არის რვიდან თორმეტ კვირამდე. ამიტომ, „ფაიზერის“ დოზები გაიყოფა ორ ნაწილად“, – განაცხადა გაბუნიამ.