შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გავეცანით, რასაც გავითვალისწინებთ და კანონპროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ

“ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გავეცანით, რასაც გავითვალისწინებთ და კანონპროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ანუ საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვის შემთხვევაში, სანქციების ნაწილს, ასეთი რეგულაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ ისმის, დღესაც სანქცირებულია.

,,პრობლემა ისაა, რომ, დღევანდელი რეგულაციით, ის ორგანიზაცია თუ პარტია, რომელიც იყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავის წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციის დროს, ორი ათასი ლარით ჯარიმდება. მათ შორის, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნაში ჯერ კიდევ 2018 წლის არჩევნებზეც იყო. მაგალითად, „ისფედის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პოზიცია იყო, რომ არ არის ეფექტური სანქცია და ამიტომ სანქცია იყოს იმ ორგანიზაციის, პარტიის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთის მოქალაქეს იყენებს.

რეგულაციის არსი სწორედ ამაში მდგომარეობდა, რომ სანქცია მოქმედებდეს ამ ორგანიზაციის თუ პარტიის წინააღმდეგ. რეგულაცია იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ იყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოხდეს ამ პარტიის მოხსნა საარჩევნო რეგისტრაციიდან. რაც შეეხება სამართლებრივ მხარესა და ასეთი რეგულაციის ლეგიტიმურობას, აქ კითხვის ნიშანი არ არის. მათ ჰქონდათ წუხილი, მათ შორის, ზეპირი მოსმენის დროსაც თქვეს ამასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს კანონის ინსტრუმენტალიზირება (გამომდინარე არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან, რომელიც საქართველოში გვაქვს და ის პოლარიზაცია, რომელიც არსებობს, ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში არ შემოდის). მეორე შენიშვნა იყო, ხომ არ არის ზედმეტად მკაცრი პირველივე შემთხვევაში პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გავეცანით, რასაც გავითვალისწინებთ და ამ პროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, საბოლოოდ, როგორი სახე მიეცემა ამ კანონპროექტს,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები