მაკრონი არ გამორიცხავს, რომ თურქეთი საფრანგეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ თურქეთი შესაძლოა, შეეცადოს, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია France 5 – სთან ინტერვიუში განაცხადა.

”საფრთხეები არ არის დაფარული, ამიტომ, ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – თქვა მაკრონმა.

მან არ განმარტა, თუ როგორ შეიძლება, თურქეთი ჩაერიოს საფრანგეთის არჩევნებში, გულისხმობს თუ არა ის ივნისის რეგიონულ არჩევნებს, თუ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ან ორივეს ერთად.

მაკრონმა მხოლოდ ის თქვა, რომ თურქეთი შეეცდება, გავლენა “საზოგადოებრივ აზრზე მოახდინოს”. სავარაუდოდ, მაკრონი გულისხმობდა თურქული დიასპორის გაკონტროლებას სკოლების, მეჩეთებისა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთთან დიალოგი, ისევე როგორც ადრე, აუცილებელია.

მან აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი არის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და მთავარი მოკავშირე შუა აღმოსავლეთიდან ევროპაში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“თუ დაუყოვნებლივ ვიტყვით: თქვენთან აღარ შეგვიძლია მუშაობა, არც დისკუსია, ისინი კარს გააღებენ და თქვენ ევროპაში 3 მილიონი სირიელი ლტოლვილი გეყოლებათ. თურქეთთან უნდა ვიმუშაოთ”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის აპრილში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები