„ბერძნები საქართველოში“ – საქართველოს ეროვნული არქივის ექსპოზიცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა – „ბერძნები საქართველოში“ გაიხსნა, რომელიც საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, 25 მარტს საბერძნეთის რესპუბლიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რასაც საქართველოს ეროვნული არქივი საკუთარი ექსპოზიციით უერთდება.
„გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები, რაც ქართველ და ბერძენ ხალხს აკავშირებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოში ბერძნების ცხოვრებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები – როგორც ძველი ისტორიული საბუთები, ისე საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტები და ფოტომასალა. კერძოდ: XIX საუკუნის ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, რუკები, შენობა-ნაგებობათა პროექტები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ და სხვა.
ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველ მასალასთან ერთად წარმოდგენილია რამდენიმე ნიმუში იმ ქართული საგანძურიდან, რომელიც საქართველოში ბერძნების მიგრაციას შემოჰყვა და 1920-იანი წლებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ეს უძვირფასესი ხელნაწერებია ანჩის სახარება და კალმახის ციხის სახარება“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორი: ნინო ბადაშვილი.
გამოფენა 2021 წლის აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.