ბჟანია – ბაიდენის მიმართ პუტინის პასუხზე: თანამედროვეობის უდიდესი ლიდერია, ბრძენი მმართველის პასუხი იყო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენის განცხადებას ვლადიმერ პუტინმა ღირსეულად უპასუხა.

​მისი თქმით, პუტინის პასუხით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი.

“ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ არის თანამედროვეობის უდიდესი ლიდერი. ეს ბრძენი მმართველის პასუხი იყო, რომელიც, პირველ ყოვლისა, ფიქრობს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. რაც შეეხება ბაიდენის განცხადებას, გასაკვირია, როგორ შეიძლება, ამგვარი ლექსიკით სარგებლობდეს ქვეყნის მეთაური. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარი მიდის ქვეყანაზე, რომელიც პოზიციონირებს, როგორც დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი სახელმწიფო”, – თქვა მან.

16 მარტს აშშ-ის დაზვერვამ ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით, რუსეთი და პირადად პუტინი ერეოდა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ინფორმაციის კომენტირებისას თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ პუტინი ამის გამო პასუხს აგებს, ასევე, თქვა, რომ რუსეთის პირველი პირი  “მკვლელია”.

ამერიკელი კოლეგის განცხადებას პუტინი გამოეხმაურა, რომელმაც ბავშვობის ანდაზა გაიხსენა: “ბავშვობაში როდესაც ეზოში ბავშვები ვკამათობდით, ვამბობდით, “ვინ რასაც უწოდებს სხვას, თავად არის ის”. შემთხვევითი არ არის. უბრალოდ ბავშვური ხუმრობა არ არის. ძალიან ღრმა და ფსიქოლოგიური აზრი დევს მასში. სხვა ადამიანში ყოველთვის ვხედავთ საკუთარ თვისებებს და ვფიქრობთ, რომ ისიც ასეთია, როგორც ჩვენ”. გარდა ამისა, პუტინმა ამერიკელ კოლეგას ჯანმრთელობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები