ევროპული წამლების სააგენტო “სპუტნიკV​”-ს შესამოწმებლად აპრილში რუსეთში ექსპერტებს გაგზავნის

ევროპული წამლების სააგენტო (EMA) გამ-კოვიდ-ვაკ (Sputnik V) შესამოწმებლად აპრილში რუსეთში საკუთარ ექსპერტებს გაგზავნის.

ამის შესახებ სააგენტოს ჯანმრთელობის საფრთხეებისა და ვაქცინაციის სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარკო კავალერიმ Rai3- ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ წარმოების, არამედ – კლინიკური კვლევების შემოწმებასაც.

კავალერის თქმით, ამ ეტაპზე, ევროკავშირში სამი ვაქცინა არის დამტკიცების ეტაპზე. საუბარია გერმანულ პრეპარატ CureVac-ზე, რომლის დამტკიცება, სავარაუდოდ, ივნისისთვის მოხდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს ამერიკული NovaVax- ის პროდუქციის შესწავლა, რომელიც ასევე ეფექტურია კორონავირუსის მუტაციების წინააღმდეგ.

მისი თქმით, Sputnik V- სთან დაკავშირებით მონაცემთა ერთობლიობის “ციკლური შემოწმება” მიმდინარეობს, რაც მისი ავტორიზაციის საკითხს გადაწყვეტს.

ევროკავშირში Sputnik V-ს შემოწმების პროცესი მარტის დასაწყისში დაიწყო.

რუსული ვაქცინა Sputnik V შექმნილია ქვეყნის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის – გამალეის მიერ, რომელიც სასწრაფო წესით დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის აგვისტოში. თუმცა, მაშინ პრეპარატს ცდების მხოლოდ მეორე ეტაპი ჰქონდა გავლილი და მასში 60 წლამდე მხოლოდ 76 მოხალისეს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა ცდების მესამე ფაზა, რომელშიც 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

2 თებერვალს ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა, Lancet- მა გამოაქვეყნა კვლევის მესამე ეტაპის წინასწარი შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 19 866-მა ადამიანმა. გამოცემაში ნათქვამია, რომ გამალეის ცენტრმა ტესტების საფუძველზე დაასკვნა, რომ მეორე დოზის მიღების შემდეგ პრეპარატის ეფექტურობა 91,6% იყო.

მარტის დასაწყისში ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) დაიწყო Sputnik V-ს ეტაპობრივი გამოკვლევის პროცესი შემდგომი რეგისტრაციისთვის. კომიტეტის გადაწყვეტილება რუსული ვაქცინის თანმიმდევრული გამოკვლევის პროცედურის დაწყების შესახებ მიღებულ იქნა მოზრდილებში პრეპარატის ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების შედეგების გათვალისწინებით.

ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში 22 მარტს სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა აზრი, რომ არსებობს მცდელობები, არ იყოს დაშვებული Sputnik V-ს გამოყენება ევროკავშირის ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები