ინდოეთში ტრადიციულ დღესასწაულზე 150 მილიონ მომლოცველს ელოდებიან – ჯანდაცვის უწყება ხალხს პანდემიას ახსენებს (ფოტო)

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ინდუისტთა ფესტივალის (Kumbha Mela)მონაწილეთა უზარმაზარმა შეკრებამ შეიძლება, გამოიწვიოს კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა. ჰარიდვარში ფესტივალის ორგანიზატორები წელს 150 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.

Kumbh Mela ან “გრაფინის ფესტივალი” ყველაზე დიდი ინდუისტური დღესასწაულია, რომელიც დაკავშირებულია სალოცავებში მასობრივ პილიგრიმობასა და მდინარეში დაბანის რიტუალთან. ინდუისტებს სჯერათ, რომ “კუმბხ მელაზე” მდინარეში დაბანა, მათ ცოდვებისგან გაწმენდს და სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლიდან გაათავისუფლებს.

ხშირად იწერება, რომ ფესტივალი 12 წელიწადში ერთხელ ტარდება, თუმცა, მაგალითად, 2013 წელს გრანდიოზული Kumbh Mela ჩატარდა პრაიაგრაჯში, სადაც 120 მილიონზე მეტი მომლოცველი ჩავიდა და მას შემდეგ მხოლოდ რვა წელია გასული.

საქმე ისაა, რომ დღესასწაულს ბევრი ნაირსახეობა აქვს და იგი სხვადასხვა წელს სხვადასხვა ადგილას აღინიშნება, კერძოდ კი, ოთხ წმინდა ქალაქში – პრაიაგრაჯში (ალაჰაბადი), ჰარიდვარში, ნასიკში და უჯაინიში. გარდა ამისა,ინდოეთის სხვა მხარეებში არსებობს​ ბანაობისა და მომლოცველობის უფრო მცირე ფესტივალები. ეს არის “დოქის ფესტივალი”, რომელიც თითქმის ყოველწლიურად ტარდება და რომელზეც მილიონობით ადამიანი იკრიბება.

წელს სადღესასწაულო ადგილად ჰარიდვარი შეირჩა. ფესტივალის ორგანიზატორები ქალაქში, დაახლოებით, 150 მილიონ ადამიანს ელოდებიან.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უთარახანის შტატის მთავრობა გააფრთხილა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მატება ისედაც უკვე შეინიშნება და ჰარიდვარში ყოველდღიურად 55,000 ადამიანის ტესტირება ზღვაში წვეთია.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ წერილში ნათქვამია, რომ ”ამჟამად ქვეყნის 12-ზე მეტ შტატში აღინიშნება კოვიდ19-ის შემთხვევის ზრდა, ხოლო მომლოცველები, რომლებიც სავარაუდოდ, ეწვევიან ჰარიდვარს, სწორედ ამ შტატებიან ჩავლენ”.

უტარახანდის შტატის მთავრობამ უკვე დაავალდებულა მომლოცველები ატარონ ნიღბები, ასევე პირობა დადო, რომ უფასოდ დაურიგებს მათ პირბადეებს და ასევე გააგრძელებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დეზინფექციას.

ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 43 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან დაახლოებით 60% მაჰარაშტრას შტატზე მოდის.

ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყოველდღიურად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 197-ით არის გაზრდილი.

ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით, ასევე, მეოთხე ადგილზეა სიკვდილიანობის სტატისტიკით.

ინდოეთში ვირუსს სულ 159 755 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები