მამუკა ხაზარაძე – ვინმეს არ ეგონოს, რომ დანიელსონი წავიდა და უკან არ დაბრუნდება

ვინმეს არ ეგონოს, რომ დანიელსონი წავიდა და უკან არ დაბრუნდება, ეს პროცესი გაგრძელდება და არა მხოლოდ ევროპიდან – შეერთებული შტატები ჩაერთვება საკმაოდ სერიოზულად, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

„რამდენიმე დღის წინ, როდესაც პირველი შეხვედრა გაიმართა დანიელსონის მედიატორობით, ძალიან დიდი იმედი გამოვთქვი, რომ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო, ჩაშლილი იყო საკმაოდ დეტალურად და ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი კანონმდებლობისა და საერთოდ სისტემის ცვლილებას. ეს იყო შეთანხმების ნაწილი, რატომღაც დაჰყავთ ეს შეთანხმება მხოლოდ პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე, მაგრამ იქ იყო საკმაოდ სერიოზული პუნქტები, რომლის შეცვლისა და ახალ რეალობაში გადატანის გარეშე ჩვენი ქვეყანა უბრალოდ ვერ განვითარდება, როგორც ნორმალური სახელმწიფო. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ამ მოლაპარაკებების დროს უბრალოდ გაქრა „ქართული ოცნების“ გამოისობით, დარჩა მხოლოდ ჰაერი, წყალი და ალბათ, ეს არის მათი ტაქტიკა, რაც, სამწუხაროა, ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ხვალინდელი დღისთვის.

ვინმეს არ ეგონოს, რომ კრისტიან დანიელსონი წავიდა და უკან არ დაბრუნდება. ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ზეწოლა და პრესინგი გაგრძელდება ევროპიდან და არა მხოლოდ ევროპიდან. მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები ჩაერთვება საკმაოდ სერიოზულად, რომ მათი სტრატეგიული პარტნიორ ქვეყანაში ეს მდგომარეობა დასრულდეს. უბრალოდ, „ოცნება“ ვერ ითავისებს, რომ პროცესების გაწელვა მუშაობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

პირდაპირ ჩაჩეხვა მიდის, პირდაპირ ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვის მცდელობა მიდის და აბსულუტურად მიუღებელ ლექსიკონს ვისმენთ – ასე ქვეყანა ვერ განვითარდება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები