შესაძლებლობები, რომელსაც აბიტურიენტებს თსუ-ის განათლების პროგრამა სთავაზობს
ამჟამად აბიტურიენტები პროფესიის შერჩევის პროცესში არიან, მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ: უნდა განსაზღვრონ გზა, რომელსაც პროფესიული თვალსაზრისით აირჩევენ, ეს ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპია მათ ცხოვრებაში.
სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, მნიშვნელოვანია, რომ მათ დღეს უკვე წარმატებული პროფესიების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პროგრამა მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს მომავალ პედაგოგებს და სწავლა-სწავლების პროცესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
თსუ-ის დაწყებითი განათლების პროგრამის კურსდამთავრებულები, მომავალ სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და იმ შესაძლებლობებს აცნობენ, რომელსაც აღნიშნული პროგრამა სთავაზობს აბიტურიენტებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
მწვანე სკოლა, პედაგოგი.
„- მას, თქვენ რა უნდა გამოხვიდეთ? „ – შემეკითხა წლების წინ ერთ-ერთი მოსწავლე პროფესიებზე საუბრისას. მაშინ გამეცინა, უკვე გამოვედი-თქო, ვუპასუხე, ახლა კი ვხვდები, რომ, დიახ, მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის როლი თითოეული თვალებაციმციმებული ბავშვის ცხოვრებაში. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვაცნობიერებ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს ბავშვის ცხოვრებაში და ეს „როლიც“ უფრო და უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის.
ადამიანი შემოქმედებითია და მუდამ სურს, რაღაც შექმნას.
მასწავლებლის საქმიანობა უსაზღვროდ შემოქმედებითია. არ არსებობს სფერო, რომელსაც არ შეეხები. დარწმუნებული ვყოფილვარ, რომ რაღაც კონკრეტული არ გამომდის, მაგრამ ბავშვებთან ერთად გაკეთებულ საქმეში აღმომიჩენია, რომ ძალიან კარგად გამომსვლია. მასწავლებლის ყოველი დღე შემოქმედებითი პროცესია და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ამ პროცესის შედეგს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე წრფელი და ყველაზე ნამდვილი შემფასებელი ჰყავს – ბავშვი. როდესაც დამღლელი დღის ბოლოს რამდენიმე თვის გაცნობილი პატარა გეტყვის, „სკოლა მინდა სახლი იყოს და თქვენთან ერთად ვცხოვრობდეო“, ხვდები, რომ დღეს ტყუილად არ ჩაუვლია, ხვდები, რომ შენს მცდელობას ნაყოფი გამოუღია და გინდა, რომ მეტი გააკეთო.
მრავალფეროვნება ყველას გვხიბლავს
არავის არ უყვარს ერთსა და იმავე ნაბიჯზე გაჩერება, ერთფეროვანი საქმის კეთება. სწორედ მასწავლებლობაც ის სფეროა, სადაც ყოველი დღე ახალია, ყოველი გაკვეთილი პირველია და განუმეორებელი, ყოველი ბავშვი ახალი სამყაროა და ყოველი ახალი მცდელობა ახალი ნაყოფით ტკბობაა. და რა არის ნაყოფი? ბედნიერი, გახარებული და ლაღი ბავშვი. წარმოუდგენელი განცდაა ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, თითქოს პირველი შესვლაა სკოლის კედლებში, თითქოს პირველად უნდა ნახო შენი პატარები, ენთუზიაზმი კი არ ქრება, იზრდება და ხვდები, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელს არ ემგვანება.
ბავშვები შეუდარებელი მასწავლებლები არიან და მათთან ერთად შენც მუდამ ვითარდები.
ადამიანი მუდამ უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს. იმდენი რამ მაქვს ნასწავლი ბავშვებისგან, ვერასდროს რომ ვერ ვისწავლიდი ზრდასრული ადამიანისგან. თან მათგან მიღებული ცოდნა ვერც ერთ სხვა ცოდნას ვერ შეედრება, განსაკუთრებულად ნამდვილია, რეალურია და ცხოვრებისეულია. შენც მუდამ ვითარდები, მეტს სწავლობ და ცდილობ მუდამ საინტერესო იყო.
ყველას გვჭირდება სიყვარული, ზრუნვა და დაფასება.
ყველაზე წრფელი სიყვარული, ყველაზე ძლიერი ზრუნვა და ყველაზე ძვირფასი შემფასებელი ბავშვია. საოცარი სიყვარული იციან, უანგაროდ ზრუნავენ შენზე და ყოველთვის აღნიშნავენ, თუ რამდენს ცდილობ მათთვის მხიარული და საინტერესო გარემოს შესაქმნელად.
დიახ, მასწავლებლობა ორმხრივი პროცესია, გასცემ და იღებ, იხარჯები და ივსები, გიყვარს და უყვარხარ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან, ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია სამყაროში.
მასწავლებლის პროფესიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავეუფლე. უნივერსიტეტის განათლების მიმართულებამ მნიშვნელოვანი ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება შემძინა. ცოდნა საკმაოდ ბევრი მიმართულებით, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო. ასევე უნივერისტეტშივე, გარდა სასკოლო გარემოში არსებული პრაქტიკებისა, სალექციო გარემოშიც მქონდა საშუალება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა, რითიც კიდევ უფრო მეტი უნარი შევიძინე და კიდევ უფრო მეტად დავინახე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. რაც შეეხება დამოკიდებულებას, ყოველთვის იგრძნობოდა სიყვარული და ორიენტირება ბავშვისადმი, რაც შემდგომში ჩემს დამოკიდებულებებზეც აისახა. დღემდე მახსოვს ლექტორების მნიშვნელოვანი აქცენტები ბავშვებთან მიდგომებსა და ურთიერთობებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოუდგენლად თბილი და მეგობრული ატმოსფერო იგრძნობა ამ მიმართულებაზე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამხელა უნივერსიტეტში ასე თავისუფლად თუ ვიგრძნობდი თავს და ეს ნამდვილად მიმართულების გუნდის დამსახურებაა. თავიდან მასწავლებლის „როლზე“ ვსაუბრობდი და ამაშიც მაგალითები არიან ამ ფაკულტეტის გუნდის წევრები, დღემდე მნიშვნელოვანი როლი აქვთ მათ ჩემს ცხოვრებაში, დღემდე ვაგრძელებთ ურთიერთობას, დღემდე ვგრძნობ მათგან გულშემატკივრობას და ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერ დროს მზად იქნება თითოეული მათგანი პროფესიული რჩევის მოსაცემად და ეს ძალიან დიდი საჩუქარია ჩემთვის.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
ქ. თბილისის 103-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი
“პროფესიით ვარ პედაგოგი” ამ ფრაზის გამეორება და თქმა მაბედნიერებს და მეამაყება რომ მე შევძელი ჩემი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნის ასრულება.
მასწავლებელი, თავისი არსით, შემოქმედებითი ადამიანია, მისი საქმიანობა კი -შემოქმედებითი პროცესი. პედაგოგობა ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად მიიჩნევა და, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, განსაზღვრული უნარ-ჩვევების ფლობას მოითხოვს. მასწავლებელი და მისი პროფესია მუდმივ განვითარების პროცესში არიან.
მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, სწორედ ბავშვების უზომო სიყვარულმა და მათთან ურთიერთობამ განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევა.
ბედნიერი ვარ, რომ სწორად ავირჩიე ჩემი პროფესია და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ თსუ-ის განათლების პროგრამაზე მომეცა სწავლის შესაძლებლობა. ის მრავალმხრივი ცოდნა, რაც ახლა როგორც მასწავლებელს, ძალიან მეხმარება ჩემი საქმიანობის სწორად წარმართვაში, სწორედ ამ პროგრამაზე შევიძინე. წარმატებას ვუსურვებ ყველა მომავალ პედაგოგს და ვურჩევ, თავიანთი არჩევანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერონ.