ზურაბ ჯაფარიძე – დღეს უფრო პრინციპული საკითხები იქნება გასავლელი, უფრო სიღრმეებში მოგვიწევს წასვლა, სადაც უფრო რთულია შეთანხმება
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მედიაციით დღეს გასამართი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს მხარეები უფრო პრინციპულ საკითხებს განიხილავენ და სიღრმეებში წასვლა მოუწევთ.
„დღეს უნდა გაგრძელდეს საუბარი, რომელიც გუშინ დაიწყო. გუშინ იყო პირველი დღე, როცა გაერთიანებულ ფორმატში შედგა ეს მოლაპარაკებები და არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია როგორც მანამდე, ამ შეხვედრას ესწრებოდა „ქართული ოცნებაც“. გავაგრძელებთ საუბარს იმ 6-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დატოვა. არც ერთი საკითხი დახურული არ არის, მათ შორის, არც პოლიტპატიმრების საკითხი და ახალი არჩევნების საკითხი. ეს საკითხები არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ 6 პუნქტში. შესაბამისად, მათ დადეს პირობა, ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აქ იყო, რომ ამაზე ისაუბრებდნენ ჩვენთან. შესაბამისად, ეს თემები დახურული ვერ იქნება.
მგონია, რომ დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი, რადგან უნდა გავაგრძელოთ გუშინდელი საუბარი. გუშინაც არ იყო მარტივი დღე, რთული დღე იყო, მაგრამ დღეს უფრო პრინციპული საკითხები იქნება გასავლელი, უფრო სიღრმეებში მოგვიწევს წასვლა, სადაც უფრო რთულია შეთანხმება, ამიტომ ვნახოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.