კახა კალაძე: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კალაძე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერმინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი საერთო მიზანი, რომ გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური, წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება. ასოცირების საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ასოცირების საბჭომ ასევე მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის, ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები