გორში მამაკაცმა ანგარიშსწორების მიზნით ა.ა. ზურგში დაჭრა – დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2001 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

“დანაშაულები  თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები