სომხური მედია ფაშინიანის გადადგომის თარიღს ასახელებს
სომხეთის მთავრობა ბოლო დღეებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
ამის შესახებ სომხური გაზეთი – “ფასთ” წერს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ნიკოლ ფაშინიანი და პარტია “სამოქალაქო შეთანხმები”-ს წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ როგორც პარტიულ ელიტასთან, ისე, ოლქების გუბერნატორებსა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. მათ სურთ იმის გაგება, როგორია რეგიონებში, ასევე, ადგილებზე ფაშინიანის რეიტინგი.
“ფასთ” წერს, რომ მათ კონკრეტული დავალება მიიღეს – იყვნენ მზად მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის, არჩევნებისთვისაც.
გამოცემის ინფორმაციით, ფაშინიანმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ეს 23 მარტს მოხდება, თუმცა, ზოგიერთი წყაროს თქმით, ეს შეიძლება, “ხვალ-ზეგაც მოხდეს”, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდება.
ასეთ შემთხვევაში სომხეთში უკვე მაისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.