კაფკასეული მისტიკურობა რუსუდან ღვინეფაძის ორიგინალის სწორფერ ტექსტებში
ქართული მთარგმნელობითი ხელოვნება არასოდეს ყოფილა ისეთი მრავალფეროვანი, ნაყოფიერი და ორიგინალის მხატვრულ ღირსებებთან დაახლოებული, როგორც ამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ამას ადასტურებს ლიტერატურული პრემია „საბას“ შარშანდელ მთარგმნელთა ნომინანტების სიაც.
მართალია, კონკურსის პირობების თანახმად ერთი ნომინანტი ხდება ხოლმე გამარჯვებული, მაგრამ ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო, როცა რვავე მათგანი იმსახურებდა მთავარ ჯილდოს… ჩვენში ახლა აშკარად გვიდგას ის რეალობა, როცა თარგმანი გაცილებით საგულისხმო ლიტერატურულ პროცესს ქმნის, ვიდრე ორიგინალური მწერლობა.
„საბას“ 2020-ის ნომინანტებს შორის, ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილის“ თარგმანისთვის (გამომცემლობა „ალეფი“) წარდგენილი იყო რუსუდან ღვინეფაძე. სანამ იგი საპრემიო განაჩენს ელოდა, ამასობაში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ დაბეჭდა და ქართველ მკითხველს შესანიშნავი საკითხავი მიართვა ფრანც კაფკას მოთხრობების სრული კრებულის სახით, რომელიც 500 გვერდს აღემატება.
ქართველი მკითხველი განებივრებულია კაფკას ყველა რომანის კარგი თარგმანით. პირველად ამ გენიალურ მწერალს ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში ზურაბ კაკაბაძე შემოუძღვა, რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვა სხვა შესანიშნავი გერმანისტების თარგმანები.
ბოლო დრომდე ჩვენ არ გვქონია ქართულად კაფკას რომანი „ამერიკა“(1911–1914), რომლის თარგმანიც რუსუდან ღვინეფაძემ შეასრულა და 2017 წელს დაბეჭდა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“. აღნიშნულმა თარგმანმა შესაძლებლობა მოგვცა მშობლიურ ენაზე გაგვეცნო ორიგინალთან მაქსიმალურად დაახლოვებული კაფკას ადრეული რომანი.
ამის შემდეგ რუსუდან ღვინეფაძემ მუშაობა დაიწყო კაფკას მოთხრობების სრულ კრებულზე, რომელსაც ერთი წლის თავაუღებელი შრომა დასჭირდა. აქ თავი მოიყარა კაფკას ყველა მოთხრობამ. ამ მოთხრობების სხვადასხვა დროის თარგმანები კი მოგვეპოვება, მაგრამ რუსუდან ღვინეფაძემ ხელახლა თარგმნა ისინიც. ასევე მიაკვლია რამდენიმე მოთხრობას, რომლებისთვისაც მანამდე არავის მოუკიდია ხელი. მკითხველმა დიდი ინტერესი გამოიჩინა აღნიშნული კრებულის მიმართ და ეს უკვე წლევანდელ რეიტინგებშიც აშკარად გამოჩნდა. მოთხრობა „შიმშილის ხელოვნება“ კვირის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, მთელი კრებული კი იანვრის თვის ბესტსელერად აღიარეს.
„ამერიკის“ და მთელი რიგი აქამდე უთარგმნელი მოთხრობების გარეშე კაფკა სრული ვერ იქნებოდა ქართულად, ისევე როგორც 2013 წლამდე ჩვენ არ გაგვაჩნდა შექსპირის ყველა პიესის თარგმანი. მანამდე არ ყოფილა თარგმნილი „პერიკლე მეფე ტვიროსისა“ და „ციმბელინი“(2013 წელს დაბეჭდა „გამომცემლობა პალიტრა L’’-მა), რომელიც უბადლოდ შეასრულა თამარ ერისთავმა(1932–2014). თუკი მან შექსპირს გაუწია ძვირფასი სამსახური, რუსუდან ღვინეფაძემ ბოლომდე მიიყვანა კაფკას ქართულად თარგმანის საშური საქმე.
რუსუდან ღვინეფაძე, როგორც მთარგმნელი, თავდაპირველად თომას მანისა და რიჰარდ ვაგნერის წერილებითა და ესეებით გავიცნით. ეს ტექსტები მანამდე ქართულად არ მოგვეპოვებოდა, რამაც გარკვეულწილად შეავსო ჩვენი წარმოდგენა ამ ორი გენიალური გერმანელის შესახებ. ასეთი ავტორების თარგმნა უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობს, რადგან ენის უზადო ფლობის გარდა, უზარმაზარ ცოდნას და საფუძვლიან მომზადებას, ასევე დახვეწილ და ნატიფ გემოვნებას მოითხოვს.
ამ ავტორებს მოჰყვა არტურ ზუტნერის რომანი „აჭარლები“, მარი ლუიზე კაშნიცის „ლექსები“, ჰალდორ ლაქსნესის „თევზის კონცერტი“, კრისტა ვოლფის „კასანდრა“, ჰერმან ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“, აღნიშნულმა ტექსტებმა საჩინო გახადა თუ რა მაღალ ნიშნულს მისწვდა მთარგმნელის პროფესიული ოსტატობა.
ვენამდეც კი ჩააღწია ბროხის ქართულად საუკეთესოდ თარგმანის ამბავმა, რისთვისაც ავსტრიის ფედერალურმა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა რუსუდან ღვინეფაძე 2019 წელს საუკეთესო მთარგმნელის პრემიით დააჯილდოვა.
ბოლო წლებში, ძალზე მნიშვნელოვანი წიგნები შესთავაზა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ქართველ მკითხველს მსოფლიო კლასიკის სერიით. ავგუსტ სტრიდბერგის, ჩარლზ დიკენსის, ჯალალ ედ–დინ რუმის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ფიოდორ დოსტოევსკის, ივან ტურგენევის, მიხაილ ბულგაკოვის, ლუი–ფერდინანდ სელინის, მურასაკი შიკიბუს, იოზეფ როთის, ვირჯინია ვულფის, ჯეიმს ჯოისის, მარსელ პრუსტის, ჰენრი ჯეიმზის, უილიამ ფოლკნერის ბრწყინვალე თარგმანებმა, რომლებიც ეკუთვნით ნიკო ყიასაშვილს, დავით წერედიანს, ლილი მჭედლიშვილს, ზაურ კილაძეს, გივი კიკილაშვილს, ასმათ ფარჯიანს, ლელა დუმბაძეს, სოფიო ბენდიაშვილს, მერაბ ფიფიას, ეკა სუმბათაშვილს, გიორგი ლობჟანიძეს, ლიკა ჩაფიძეს, ცხადად მოწმობს თანამედროვე ქართული მთარგმნელობითი სკოლის სიძლიერეს. აღნიშნული სერიის ბოლო ტომმა, ფრანც კაფკას მოთხრობების სრულმა კრებულმა რუსუდან ღვინეფაძეს სამართლიანად შეუქმნა წამყვანი მთარგმნელის რენომე.
კაფკას ცნობილი მოთხრობა, რომლის გმირიც არის გრეგორ ზამზა, ქართულად რამდენჯერმე ითარგმნა სხვადასხვა მთარგმნელის მიერ და ყველამ „მეტამორფოზა“ არჩია მის სათაურად. რუსუდან ღვინეფაძემ კი „სახეცვალება“ დაარქვა, რაც დედანთან უფრო დაახლოებულია, რადგან მას ორიგინალში ’’Verwandlung’’ (ტრანსფორმაცია, სახეცვლილება) ჰქვია. ისე რომ, „სახეცვალებით“ მთარგმნელი დაშორდა ძველ ბერძნულ და ლათინურ შესატყვისს და ქართულ ენობრივ წიაღს მეტად დაუახლოვდა.
როგორც ზევითაც აღვნიშნე, რუსუდან ღვინეფაძემ ქართველი მკითხველისთვის ადრე ცნობილი მოთხრობებიც თავიდან თარგმნა, რაც არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება გამომცემლობის მხრიდან. მათ შეეძლოთ უფრო იოლი გზა აერჩიათ და კაფკას ეს კრებული სხვადასხვა მთარგმნელთა უკვე არსებული ნამუშევრებით შეევსოთ. მაგრამ ეს ხომ აღარ იქნებოდა ერთ სტილსა და ინტონაციას დაქვემდებარებული მხატვრული თარგმანი?! ამდენად, მართლაც აღსანიშნავი და დასაფასებელია გამომცემელის მხრიდან, რომ მან არ დაუშვა ამგვარი ეკლექტიკა და როგორც მთარგმნელის, ასევე მკითხველის მიმართ განსაკუთრებული ნდობა და ზრუნვა გამოავლინა.
კაფკას ერთად თავმოყრილი ოთხმოცამდე მოთხრობა პირველად იხილა ქართველმა მკითხველმა (რედაქტორი მარინა ყიფშიძე) და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ჭეშმარიტად შემოქმედებითი, მხატვრული თარგმანებია, სადაც ზედმიწევნით არის შენარჩუნებული დედნისთვის დამახასიათებელი რიტმის, ინტონაციის, სინტაქსური კონსტრუქციებისა და მეტყველების სახეთა შესატყვისი თავისებურება. მთარგმნელის მიერ დედნის სტილის კომპონენტები მაქსიმალურად არის დაცული და იგი სრულ თანხმობაშია ქართული ენის ბუნებასთან.
რუსუდან ღვინეფაძე წინამდებარე თარგმანით ზედმიწევნით მისდევს და ერთგულებს დედნის სახეებსა და დეტალებს, მისი სიტყვათმეტყველების ბუნებრივსა და ძალდაუტანებელ სტილს. ავტორის ჩანაფიქრის ბოლომდე წვდომა, დედნის ინტონაციის, მეტყველების ნაკადისა და მისი რიტმულ–მელოდიური წყობის სრულად დაუფლება მთარგმნელს მართლაც ცოცხალ და ორიგინალის სწორფერ მხატვრულ ტექსტებს აქმნევინებს. მის ჭეშმარიტ გამარჯვებას განაპირობებს ისიც, რომ არცერთ გვერდსა და პარაგრაფს არასოდეს შორდება კაფკასეული მისტიკურობის აურა და მისი გამოუცნობი ათინათი…
კაფკას „განაჩენი“, „სახეცვალება“, „დამსჯელ კოლონიაში“, „მოხსენებითი ბარათი აკადემიას“, „შიმშილის ხელოვნება“, „მომღერალი იოზეფინე ანუ სათაგვეთი“, “კანონის წინაშე“, „თერთმეტი ვაჟიშვილი“, „უარი შუამდგომლობაზე“, „ვაჭარი“, „მონადირე გრაკხუსი“, „სირინოზთა დუმილი“და სხვა მოთხრობები ქართული მკითხველისთვის ადრეც ცნობილი იყო სხვათა თარგმანებით და მათაც სიამოვნებითაც გავცნობივართ, თუმცა, რუსუდან ღვინეფაძის თარგმანებისგან მიღებულმა შთაბეჭდილებამ ყველა მათგანი გადაფარა. ალბათ იმ მიზეზის გამო, რომ ყველა ეპოქაში კლასიკას ხელახლა თარგმნა სჭირდება და უდავოა, რომ დღეს ამ მოთხოვნას რუსუდან ღვინეფაძის თარგმანი საუკეთესოდ პასუხობს.
გერმანული ლიტერატურის ქართულად თარგმანის საკმაოდ ძლიერი სკოლა გაგვაჩნია, რუსუდან ღვინეფაძე დღეს ამ სკოლის ერთ–ერთი თვალსაჩინო და საამაყო წარმომადგენელია. ნეტავ ამის შემდეგ რის თარგმნას აპირებს? რომელი ახალი ავტორი დევს მის მაგიდაზე და რა სიახლეს გვპირდება რუსუდან ღვინეფაძე?! ამ რანგის თარგმანებს ხომ მუდამ განსკუთრებული მოლოდინით ელიან…
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან