გაიგეთ, რომელ ქალაქებში დაიწყება ვაქცინაცია 15 მარტიდან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომელ ქალაქებში დაიწყება ვაქცინაცია 15 მარტიდან.

„ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის მზად არის 82 ამცრელი ცენტრი. 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში – თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, რომლებსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. თბილისში იქნება 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ასეთი ცენტრი იქნება. 17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35 დაწესებულება, 19 მარტი კი კიდევ 23 დაწესებულება. ერთი კვირის თავზე ვაქცინაციის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა დღეს შემოსული დოზები მოკლე ვადებში ავითვისოთ. იცით, რომ ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად, მეორე აცრა კეთდება 8-12 კვირის ვადაში და ამისთვის აპრილის მეორე ნახევარში AstraZeneca-ს დამატებითი პარტია შემოვა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

​მისივე თქმით, მედპერსონალის შემდეგი ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფი იქნება მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი, მესამე პრიროტეტული ჯგუფი კი 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა იქნება.

„წელს ქვეყანაში უნდა აიცრას 1,7 მილიონი ადამიანი. ეს არის დაახლოებით 3,4 მილიონი დოზა, რომლის მობილიზაციაც უნდა მოვახდინოთ. COVAX-იდან გარანტირებული გვაქვს 1,4 მილიონი დოზა. დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში მასობრივი იმუნიზაცია გვექნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები