ავსტრიის კანცლერი: ევროპაში ვაქცინა არათანაბრად ნაწილდება, ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან დადებული შეთანხმებების გამჭვირვალობა აუცილებელია

ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, ევროკავშირში ვაქცინის დოზები, კონკრეტული ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, არათანაბრად ნაწილდება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გადანაწილება ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე მოხდებოდა, ფარმაცევტულ კომპანიებთან ისეთი შეთანხმება დადეს, რომელიც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.

“ვიცით, რომ ევროკავშირმა ყველა წევრისთვის ვაქცინა ჯერ კიდევ ივნისში შეუკვეთა. ბოლო რამდენიმე კვირაა, ყველა იყო გაოცებული დანიაში ვაქცინაციის პროგრესით, იმითაც, რატომ აიცრება ასე ცოტა ადამიანი ლატვიაში”, – თქვა მან.

მისი თქმით, თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ ეს უკავშირდება ვაქცინაციის ტემპებს, თუმცა, ეს ასე არ არის.

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ მალტა სამჯერ მეტ დოზას მიიღებს, ვიდრე – ბულგარეთი. თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, დიდი უთანასწორობა მოხდება. სასწრაფოდ გვჭირდება საკოორდინაციო საბჭოს შეთანხმებების გამჭვირვალობა ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან. უნდა გაირკვეს, ვინ აწერდა ხელს ამგვარ დოკუმენტებს, რატომ მოხდა ისე, რომ ევროპაში თანაბარი განაწილების პრინციპთან აცდენა გვაქვს”, – თქვა ავსტრიის კანცლერმა.

მისი თქმით, ავსტრიამ ვაქცინის 1,2 მილიონი დოზა მიიღო, თუმცა, AstraZeneca-ს ვაქცინით მოსახლეობის აცრა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები