ჯანმო AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ ახალ ინფორმაციას აანალიზებს – დაელოდება თუ არა საქართველო უწყების საბოლოო რეკომენდაციას
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, კერძოდ, ავსტრიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ისლანდიამ, ლატვიამ, კვიპროსმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, რუმინეთმა და ესტონეთმა “ასტრაზენეკას” ვაქცინით მოსახლეობის აცრა დროებით შეაჩერეს. იტალიამ კი პრეპარატის ერთი პარტია კომპანიას უკან დაუბრუნა.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ 11 მარტს დანიამ და ნორვეგიამ პრეპარატის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერეს, რაც დანიაში ზოგიერთ აცრილ ადამიანს თრომბოზი განუვითარდა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა აღნიშნული კონკრეტულად “ასტრაზენეკას” ვაქცინას.
ავსტრიაში ვაქცინაციის შემდეგ ორი ქალი გარდაიცვალა, თუმცა, მოგვიანებით, ევროპის წამლების სააგენტოში განაცხადეს, რომ აღნიშნული აცრას არ უკავშირდება.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის რეგულატორი. ჯანმო-ში თქვეს, რომ მიღებულ ინფორმაციას აანალიზებენ. დასკვნებზე ან არსებული რეკომენდაციების ცვლილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას საკითხის სრული შესწავლის შემდეგ მიაწვდიან. თავის მხრივ, საკუთარ გამოძიებას იწყებს ევროპის წამლების სააგენტო.
11 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია უკვე 13 მარტს შემოვა. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე ქვეყანა 43 200 დოზას მიიღებს.
ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები და შემდეგ – დანარჩენი რისკჯგუფები, ვაქცინის განაწილება იგეგმება დიდ ქალაქებში.
თუმცა, “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით გავრცელებული ბოლო ინფორმაციის შემდეგ, უცნობია, დაიწყება თუ არა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის აცრა იქამდე, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკუთარ დასკვნას დადებს.
საკითხის გადამოწმება “კვირა”-მ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში სცადა, თუმცა, ამ დრომდე კითხვებზე არავინ გვიპასუხა.