„ტვ პირველის“ ადვოკატი: სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით მაინც ვეცდებით, მაგრამ თუ ეს არ იქნება საკმარისი, განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოსაც

„ტვ პირველი“ სასამართლოს განჩინებას ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების ნებართვის თაობაზე გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ტელეკომპანიის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ ქვეყნის მასშტაბით გასაჩივრება საკმარისი არ იქნება, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ.

„დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ის უკანონო და არასკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა „ტელეკომპანია პირველს“, გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან, სანამ არსებობს ეს განჩინება და ის ძალაშია, მანამდე სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებსიმიერ დროს განახორციელონ „ტვ პირველში“ იმ ნივთის ამოღება, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელევიზია ამის გადაცემას არ აპირებს. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც ჩანაწერის შინაარსი არ აინტერესებს.

გარკვეული საკანომდებლო ხარვეზი არსებობს, მაგრამ ხარვეზის მიუხედავად მის გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით მაინც ვეცდებით, მაგრამ თუ ეს არ იქნება საკმარისი, განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ ადამიანის უფლებათ ევროპულ სასამართლოსაც დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
პროკურატურის მოგვიანებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებისა და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები