„დამაყარეთ მკერდზე მინდვრის ყვავილი“ – ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის დაბადების დღე (ვიდეო)

11 მარტი აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული სოხუმელი პოეტის, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის დაბადების დღეა.
ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე დაიბადა 1928 წლის 11 მარტს ჭიათურაში. 1966 წელს დაამთავრა სოხუმის მასწავლებლის სახლთან არსებული პედაგოგიური ცოდნისა და ესთეტიკური აღზრდის სახალხო უნივერსიტეტი.
ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა 1956 წლიდან, როდესაც გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „დედა“. მას შემდეგ მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ჩვენს სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად.
ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის პოეტური კრებულებია: „ალუბლის ტოტი“, „სამშობლოს დილა“, „მანდილი“, „ლექსები“, „მზე და ფოთლები“, „ფიფქები“, „ბედის ვარსკვლავი“.
მის 50-ზე მეტ ლექსზე შეიქმნა სიმღერები.
არ დასცალდა, ბოლომდე ემღერა თავისი აფხაზეთისთვის, რომელიც უზომოდ უყვარდა.
ჯერ მეუღლე მოუკლეს, შემდეგ კი, 1993 წლის ოქტომბერში, სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზმა სეპარატისტებმა 9 აპრილის მემორიალთან დახვრიტეს.
გთავაზობთ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსს „მინდვრის ყვავილები“ და სიმღერას, რომელიც კომპოზიტორმა ია მაისაიამ დაწერა და თავადვე ასრულებს.

მინდვრის ყვავილები

ამ უხილავ ხელით მოვლილ ყვავილებს
სიოსავით ნაზი ფრენით დავივლი,
თუ შემთხვევით გულში რამეს გაივლებ,
დამაბნიე მკერდზე მინდვრის ყვავილი.
მხოლოდ მინდვრის, მოუვლელი…
ველური…
არა ბაღში ვინმეს ნასათუთები…
მებაღეო, არ გეგონო გრძნეული,
მხოლოდ მათი სურნელებით თუ ვთვრები…
რა ვქნა, ვეტრფი ჩემებრ თვალებცვარიანს,
მინდვრად ბედის ანაბარად შთენილი…
შენს ბაღში ხომ სხვა ვარდებიც არიან,
მერე რამდენ ტრფობას გადარჩენილნი!…
განა მათი შარიშური არ მიყვარს?
მე მათ ახლო მუდამ კრძალვით ჩავივლი,
მაგრამ მაინც თუ ბუნება გამრიყავს.
დამაყარეთ მკერდზე მინდვრის ყვავილი…

ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები