რუსული მედია: ФСБ-მ ნავალნის მხარდამჭერების რეალური სურათი ციფრებში დახატა

ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ, 23 და 31 იანვრის მიტინგებზე ხალხის რაოდენობა ФСБ-მ 90 ათასი ადამიანით განსაზღვრა. ამის შესახებ გამოცემა Медуза იუწყება, წყაროდ კი ის სტატისტიკა მოჰყავს, რომელიც, მათი ინფორმაციით, ამ უწყების შიდა დოკუმენტაციაშია წარმოდგენილი.

გავლენიანი რუსული გამოცემის რედაქტორების ხელში აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც ФСБ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა შეადგინა. თავის მხრივ, ეს დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ გვარდიას კურირებს. Медуза-ს  წყაროს ინფორმაციით, ამ დანაყოფის თანამშრომლების წინაშე დააყენეს ამოცანა, გამოევლინათ ნავალნის „რეალური მხარდაჭერის სურათი“. გამოცემის წყაროს განმარტებით, ასეთი ამოცანა დეპარტამენტის წინაშე პირველად დადგა.

„ანუ ახლა სიტუაცია სხვა რანგში გადავიდა: მოდით, გავიგოთ საბოლოოდ, რამდენია ეს ადამიანი?“ – აცხადებს Медуза-ს  წყარო. ამას გარდა, გამოცემის სხვა წყაროები, რომლებიც ФСБ-სთან არიან დაახლოებულები, ამბობენ, რომ დასახელებული რაოდენობა – 90 ათასი ადამიანი სინამდვილეს შეესაბამება და, ასევე, ადასტურებენ, რომ ასეთი სტატისტიკა გაკეთდა. თუმცა, ეს მონაცემები  კრემლის ოფიციალურ პოზიციასა  და მოსკოვის შსს-ს მონაცემებს ეწინააღმდეგება, რომელმაც 31 იანვარს გამოსული მხოლოდ 4 ათასი ადამიანი დათვალა.

ინფორმაცია მიტინგებზე დაკავებულების შესახებ ФСБ-ს  დოკუმენტში განსხვავდება იმისგან, რაც პოლიციელებმა გამოაქვეყნეს. უწყებამ 12 ათასი დაკავებული დათვალა, რომელთა შორისაც 761 არასრულწლოვანი იყო.  ამავე დროს, ნავალნის მომხრეები 23 იანვრის აქციების მონაწილეთა რაოდენობას 250-300 ათასს ასახელებდნენ, ხოლო 31 იანვრის აქციაზე მთელი რუსეთის მასშტაბით გამოსული  200-300 ათასი ადამიანი დათვალეს.

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები რუსეთში მისი დაბრუნების შემდეგ – 23, 31 იანვარს, 2 და 14 თებერვალს მთელი ფედერაციის მასშტაბით გაიმართა. აქციების დროს 10 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმები დაეკისრა. დაწყებულია 100-ზე მეტი სისხლის სამართლებრივი საქმე, ასევე, აქციების მონაწილეებს  ათავისუფლებენ სამსახურებიდან და ბევრი სხვა მეთოდით ავიწროებენ.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „ივ როშე“-ს საქმეზე ნავალნის ადვოკატების აპელაციის განხილვაზე უარი თქვა და ის გამოსასწორებელ კოლონიაში 2,5 წლით გაამწესა. პარალელურად, 20 თებერვალს ბაბუშკინსკის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი  ნავალნის სხვა საქმეზე გამოუტანა, ეს ვეტერან იგნატ არტიომენკოს ცილისწამებას ეხებოდა. ნავალნის ერთ დღეში ორჯერ მოუწია საბოლოო სიტყვით გამოსვლა, მან რუსეთის ხელისუფლებაზე, თავის მიზნებზე, მხარდამჭერებსა და ვეტერან არტიომინკოზეც ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან დიდი დრო დაუთმო იმის აღწერას, თუ რა წუმპეში იმყოფება რუსეთი ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების წყალობით და როგორ შეიძლება, შეიცვალოს მისი თანამემამულეების ყოფა ამ სისხლიანი რეჟიმისგან გათავისუფლების შედეგად: „ყოველი მეორე ჩემი წერილი სრულდება სიტყვებით – „რუსეთი თავისუფალი იქნება“. ეს მაგარი ლოზუნგია, მაგრამ სულ ვფიქრობ: რაღაც არ მყოფნის. ეს მინდა, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი. ეს არ შეიძლება, იყოს თავისთავადი მიზანი. მინდა, რომ რუსეთი იყოს მდიდარი, რომ ეროვნული სიმდიდრეები სამართლიანად ნაწილდებოდეს, ყველამ მიიღოს ნავთობისა და ბუნებრივი წიაღისეულის „ღვეზელიდან“ თავისი წილი. მინდა, რომ კიდევ ბევრი რამ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. უნდა ვიბრძოლოთ მხოლოდ იმის გამო კი არა, რომ რუსეთი თავისუფალი არ არის, არამედ იმ სხვა მიმართულებებისთვისაც, რის გამოც ეს ქვეყანა უბედურია. აიღეთ რუსული ლიტერატურა, მარტო უბედურებები და ტანჯვაა აღწერილი. რუსეთი უნდა იყოს ბედნიერი, რუსეთი იქნება ბედნიერი.“

ნანა ჭანია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები