ნატო-ს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
ნატო-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NSPA) ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) 5 ერთეული „რენოს“ მარკის საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა ცენტრის შესაძლებობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ზურაბ აზარაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე – პირიტ პიკერი და ნატო-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნატო-ს მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისათვის (JTEC) სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები ნატო-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოსა (NSPA) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წელს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 1,2 მლნ ევროს შეადგენს. JTEC-ს, ჯამურად, 20 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა JTEC-ის უზრუნველყოფასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. სატრანსპორტო საშუალებები თითოეულ ჯარისკაცს მოემსახურება და გაზრდის JT-EC-ის ეფექტურობასა და შესაძლებლობებს. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფი JTEC-ში.