ანტისანიტარია საბავშვო ბაღებში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღები დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დედაქალაქში რამდენიმე საბავშვო ბაღი დააჯარიმა. როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მთაწმინდის რაიონში – ოქროყანასა და ბესიკის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღები, ცაბაძის ქუჩაზე – შპს “თერგი I”, შალვა დადიანის ქუჩაზე – შპს “ველიამინოვი”, “ლილო მოლის” ტერიტორიაზე – შპს “აგრო” და გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ი/მ “მარიამ გელაშვილი” რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 400 ლარით დააჯარიმეს.
აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს გეგმური ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდათ – შემოწმდა ნედლეული, რომლებიც გამოიყენება სურსათის საწარმოებლად; სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები და სხვ. არაკრიტიკული შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად ბიზნესოპერატორებს მიეცათ გონივრული ვადა, თუმცა, რეკომენდაციების შეუსრულებლობისათვის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ისინი დაჯარიმდნენ. გარდა ამისა, თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მონიტორინგის ფარგლებში დააჯარიმეს ი/მ “გიორგი დემეტრაშვილი” და ი/მ “ხვიჩა დუგლაძე”, რომლებიც ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდნენ სურსათის წარმოება-დისტრიბუციას, რაც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, 300 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.