ბჟანიამ ე.წ. დეპუტატებთან საქართველოზე ისაუბრა – რა ჩაიწერება ე.წ.საგარეო კონცეფციაში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ.დეპუტატებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ე.წ.რესპუბლიკის “საგარეო პოლიტიკის” კონცეფცია განიხილებოდა, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობა.

შეხვედრის დროს ე.წ.დეპუტატმა, დმიტრი არძინბამ ბჟანიას მის მიერვე 2020 წლის დეკემბერს დამტკიცებული  “საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ” დაუსვა შეკითხვა. ამ კონტექსტში ის დაინტერესდა, რატომ არ არის ამ დრომდე ტექსტიდან ამოღებული “საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობის შესახებ” ფორმულირება, რაზეც ბჟანიამ თქვა, რომ დეპუტატებს შეუძლიათ, მოამზადონ წერილი იმ ფორმულირებით, რომელიც სურთ, რომ იყოს ასახული კონცეფციაში.

გარდა ამისა, საქართველოსთან ურთიერთობის კონტექსტში საუბარი შეეხო ბჟანიას ყოფილი მრჩევლის, ბენურ კვირაიას საქართველოში სტუმრობას. ე.წ. დეპუტატების თქმით, კვირაიამ თბილისში მოლაპარაკებას აძიუბჟასთან პორტის გახსნაზე მართავდა, რომ იქ საერთაშორისო ხომალდები შევიდნენ.

ამაზე ბჟანიამ თქვა, რომ “აფხაზეთის კანონი საქართველოში ჩასვლას არავის უკრძალავს. თუმცა, მთავრობის სახელით გამგზავრება, მით უმეტეს, მოლაპარაკებების გამართვა არავისთვის დამივალებია”.

“ის საქონლის გასაღების ბაზრებს ეძებდა, იყო რუსეთში, ყირიმში. ასევე, გახდა ცნობილი, რომ თბილისში აპირებდა ჩასვლას, ამაზე ბევრ ადამიანთან ისაუბრა, მეც მქონდა ამაზე საუბარი და ვუთხარი, რომ სანამ მას ჩემი მრჩევლის სტატუსი აქვს, იქ ვერ ჩავიდოდა”, – განმარტა ბჟანიამ.

დეპუტატი ნატალი სმირი დაინტერესდა, ხომ არ ჰყავს ზედმეტად ბევრი მრჩეველი ბჟანიას, რომელთა ქმედება საეჭვო ხასიათს ატარებს. მაგალითად, მან ლაშა საქანია მოიყვანა, რომელსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ ის აფხაზეთში “პატრიოტთა ალიანსის” წევრების ჩასვლის ორგანიზატორი იყო; ახრა ავიძბა, რომელიც ამჟამად იარაღის უკანონო ტარებისთვის არის დაკავებული; ბენურ კვარჩია, რომელიც თბილისში იმყოდებოდა; რენატ ქარჩავა.

ბჟანიას თქმით, ყველა ჩამოთვლილთაგან შტატში მხოლოდ ავიძბა ირიცხებოდა, დანარჩენები კი შტატგარეშე მრჩევლები იყვნენ.

“დღეს ეს ადამიანები არ მუშაობენ. ყველას თავის მიზეზი ჰქონდა, რომლის გამოც გადადგა ან მე მივიღე გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ. ასეც ხდება, იცვლებიან პრემიერები და შს მინისტრებიც. თქვენ გამოცდილი ადამიანები ხართ და იცით, რომ მრჩეველი ის ადამიანი არ არის, რომელზეც ბევრი რამეა დამოკიდებული”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები