დაბა ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
წყალმომარაგების კომპანია, დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ “კვირას” წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. “ხარაგაულში მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას წყალი დღეში 5 საათის განმავლობაში მიეწოდება. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი ახალი ჭაბურღილი, სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას. გარდა ამისა, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელები, მაგისტრალები და რეზერვუარი. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია კორპუსების შიდა გაყვანილობების მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოების შედეგად დაბა ხარაგაულში მცხოვრები 4 000-მდე ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარამდე მოხმარდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.