ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუს-ში განაცხადეს, რომ ახრა ავიძბა “სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა”
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 მარტს დაკავებული ახრა ავიძბა და მისი დაცვის 5 წევრი “სახელმწიფო გადატრიალებას” გეგმავდნენ.
აღინიშნება, რომ ავიძბა 4 მარტს განმარტებისთვის ე.წ. სუს-ში მიიწვიეს, ასევე, იმის განმარტებისთვის, რომ დაუშვებელია, მისი დაცვის წვერები იყვნენ პირები, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ე.წ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ავიძბამ ძალოვანების წინადადება არ მიიღო, რის შემდეგ იქნა დაკავებული და “საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანილი”. მასთან ერთად დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე.
ახრა ავიძბა, ასევე, მისი დაცვის 5 წევრი 4 მარტს სოხუმში, საკუთარ სახლში დააკავეს.
მოგვიანებით, ე.წ. შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ავიძბას სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი. ავიძბასა და მის დაცვის წევრებს ბრალი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით წარუდგინეს და 7 მარტს ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.