თვითაღიარებულ დონეცკში ახრა ავიძბას საქმეზე მეტი სიცხადის შეტანას ითხოვენ
დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მებრძოლები ვიდეომიმართვას ავრცელებენ, რომელშიც სთხოვან რუსეთის მთავრობას, ნათელი მოჰფინონ ახრა ავიძბას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რადგან, მათი თქმით, ის – რაც დღეს აფხაზეთში ხდება, დონეცკში ხალხს, ასევე, სამხედროებს მოტივაციას უკარგავს.
ვიდეომიმართვაში ახრა ავიძბა, რომელიც 2014 წელს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში მოხალისედ ჩავიდა და ინტერნაციონალურ ბატალიონს ხელმძღვანლობდა, დახასიათებულია, როგორც “ლეგენდარული” მებრძოლი და ბატალიონის საუკეთესო ხელმძღვანელი. მათი თქმით, ის “უნიკალური” ადამიანია და ვერავინ, ვინც მას იცნობს, ვერ იჯერებს, რომ ის შეიძლება, იყოს კავშირში სისხლის სამართლის რაიმე საქმესთან.
“უფრო დავიჯერებთ მხოლოდ იმ ვერსიას, რომ ახრა აფხაზეთის ხელისუფლების ნაწილს აუჯანყდა, რომელიც ცდილობს საქართველოსთან დაახლოებას. მისი კარგად გვესმის, რადგან აქ ყველა მცხოვრები ასევე ეწინააღმდეგება მსგავსი სცენარით უკრაინასთან დაახლოებას. დაკავებულთა შორის ასევე არის “გამბიტი”,ახრას ბრძოლის მეგობარი. მასთან ერთად თითქმის მთელი ომი გამოვიარეთ. “გამბიტი” პატიოსანი, შესანიშნავი ადამიანია, უნაკლო მეომარი.
კითხვა მაქვს აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებებთან: რატომ ვერ ვიღებთ ღია, ნამდვილ ინფორმაციას. ერთი წყარო ერთს ამბობს, მეორე – მეორეს, რა ხდება სინამდვილეში? ამისთვის აუცილებელია, რომ პროცესებს დაესწროს ვინმე, ვინც აქ, დონეცკის რესპუბლიკაში ომობდა და იქ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას დეტალურად საზოგადოებას მიაწვდის, რომ მოხდეს ყველა ჭორის, გაუგებრობის გაქარწყლება, რადგან ის მოვლენები, რომლებიც ამჟამად აფხაზეთში ვითარდება, მოტივაციას უკარგავს აქ მცხოვრებლებს და, პირველ ყოვლისა, სამხედროებს. როგორ ხდება ასე? რუსები თავიანთ ხალხს არსად და არასდროს გასცემენ, და აქ, რა ხდება?ანუ, თუ დაიწყება პოლიტიკური გარჩევები, კულისებს მიღმა თამაშები, გამოდის, ნებისმიერ კომანდირს ასე მარტივად ჩაბაარებენ? ამის არ გვჯერა. ამიტომ გვსურს ღია პროცესი, გვსურს – ვიყოთ პროცესზე. “აფხაზი” რუსეთის მოქალაქეა და ვთხოვთ რუსეთის მთავრობას, აფხაზეთში ოფიციალური განაცხადი გაგზავნოს, რომ ზუსტი ინფორმაცია მიიღოს. არ ვაპირებთ, კანონის აღსრულებას შევუშალოთ ხელი, მაგრამ გვსურს ინფორმაციის მიღება”, – აღნიშნავენ ახრა ავიძბას თანამებრძოლები.
ახრა ავიძბა 4 მარტს საკუთარ სახლში დაცვის 5 წევრთან ერთად დააკავეს და მისი სახლიდან დიდი ოდენობის იარაღი ამოიღეს. დაკავებულების წინააღმდეგ იარაღის უკანონო შენახვის მუხლით საქმე აღიძრა, უკვე 7 მარტს ყველა დაკავებულ პირს თავისუფლების ერთთვიანი აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება ავიძბას, 29 იანვარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ის ძებნაში გამოაცხადა. განმარტებაში აღინიშნებოდა, რომ “აბხაზი” “ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციის შექმნასა და სამხედრო ტყვეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მოპყრობაში. კონტრდაზვერვამ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქემ 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნით ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას “ინტერნაციონალური რაზმი “პიატნაშკა. ავიძბა, იგივე “აფხაზი”, უშუალოდ მონაწილეობდა დონეცკის ტერიტორიაზე უკრაინის ძალოვანების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში, ასევე, ის არაადამიანურად ეპყრობოდა და აწამებდა ტყვედ აყვანილ უკრაინელ სამხედროებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებით იყო დაკავებული”.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამავე ქმედებისთვის დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ავიძბამ 2015 წლის თებერვალში გმირის ჯილდო მიიღო.