“როგორც კი ძალოვანები უკანონობასთან ბრძოლას იწყებენ, მათ აკრიტიკებენ” – აფხაზეთში ახრა ავიძბას დაკავებას მიესალმებიან
ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის ე.წ. საერთაშორისო კავშირების საკითხებში, ახრა ავიძბას დაკავებას ეხმაურებიან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “როგორც კი ძალოვანი სტრუქტურები ნამდვილად იწყებენ უკანონობასთან ბრძოლას, მათ წინააღმდეგ კრიტიკის ქარიშხალი ატყდება. სამართალდამცავი ორგანოები კანონის, ინსტრუქციების შესაბამისად მუშაობენ, მათ შორის, შეიარაღებული პირების დაკავების ოპერაციის გამართვის ნაწილში. მათი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ოპერატიულობა, მოულოდნელობის ეფექტი. ისინი იძულებულნი არიან, სწრაფად იმოქმედონ, გაფრთხილების გარეშე, ზოგჯერ – უხეშადაც. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, ძალოვანებმა ეფექტურად და პროფესიონალურად იმოქმედეს და უარესი სცენარი აირიდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც ხდება ქვეყანაში. ჩვენ, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს, გვსურს, ვიცხოვროთ და გავზარდოთ ბავშვები სამართლებრივ სახელმწიფოში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ახრა ავიძბა, ასევე, მისი დაცვის 5 წევრი 4 მარტს სოხუმში, საკუთარ სახლში დააკავეს.
მოგვიანებით, ე.წ. შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ავიძბას სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი. ავიძბასა და მის დაცვის წევრებს ბრალი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით წარუდგინეს და 7 მარტს ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.