გიგა ბოკერია: არ მივცემთ საბაბს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით დააბრალოს ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა
“არ მივცემთ საბაბს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით დააბრალოს ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება პრეზიდენტ მიშელის მიერ მოხაზულ საკითხებზე.
,,სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ნორმალური – ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში, რბილად რომ ვთქვა – განვითარება იქნებოდა, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერმინისტრი იყოს და არც მოლაპარაკებებზე იყოს. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსია მთლიანად ოპოზიციაში იმ განსხვავებების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა.
ჩვენ არ მივცემთ საბაბს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით დააბრალოს ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა, თუ აქამდე მივა საქმე. გარწმუნებთ, რომ, ტაქტიკური განსხვავებების მიუხედავად, რომელიც აქამდეც დაფიქსირდა, მოვახერხებთ იმის გაკეთებას, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება ჩვენი მხრიდან, პრეზიდენტ მიშელის მიერ მოხაზულ საკითხებზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.