„ყოველ ჭირით შეყრილზე სავალალოა მტერმორეული ერი“ – პოლიკარპე კაკაბაძე – 128

7 მარტი გენიალური ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის დაბადების დღეა.
უდავოა, რომ მეოცე საუკნეში ის და მიხეილ ჯავახიშვილი იყვნენ ეროვნული მხატვრული სიტყვიერების ყველაზე გახმაურებული და აღიარებული პერსონაჟების სულისჩამდგმელნი, რომლებიც დღემდე არ კარგავენ აქტუალობას. უფრო მეტიც, ახლა, როცა ჩვენ ამ მწერალთა გენიაზე ვსაუბრობთ, ვინ უწყის, მათ მიერ უკვდავყოფილი ლეგენდარული ნიღბები, საქართველოში თუ პლანეტის ნებისმიერ კუთხეში კვლავ მორიგ აღზევებას მიელტვიან, ანდა მოულოდნელი განსაცდელისგან თავის დაღწევის ხავერდოვან ხრიკებს იგონებენ?! ისინი ხომ ხალხის გაბრიყვების ზეგარდმო ნიჭით არიან „მადლცხებულნი”.
პირველმა კვაჭი კვაჭანტირაძის, მეორემ კი ყვარყვარე თუთაბერის სახით იმგვარად გამძლე ლიტერატურული ტიპები დაამკვიდრეს, რომელსაც აგერ უკვე საუკუნეა ყავლი არ გასვლიათ.
პოლიკარპე კაკაბაძე ძალზე არასასურველი პიროვნება იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის, იგი რამდენჯერმე ყოფილა შეყვანილი დასახვრეტ მწერალთა სიაში და ყოველთვის რაღაც სასწაულით გადაურჩა ფიზიკურ განადგურებას. ალბათ იმიტომ, რომ მას არავითარი თანამდებობა არ ეკავა მწერალთა კავშირში, არც ვინმეს ქებით და, მითუმეტეს, არც კრიტიკით ყოფილა დაკავებული. 60-იან წლებში, როცა უკვე შეწყდა რეპრესიები, მწერალთა კავშირის ერთ-ერთ კურატორს ცეკადან უთქვამს პოლიკარპე კაკაბაძისთვის: იმდენი საჩივარი არცერთ ქართველ მწერალზე არ შესულა უშიშროების სამსახურში, რამდენიც თქვენზე და საინტერესოა, როგორ გადარჩითო?! მაშინ პოლიკარპეს მიუგია: ეგ გასაგებია, მაგრამ ვინმეზე ჩემი დაწერილი საჩივარი თუ მოგეპოვბათ იმ თქვენს არქივშიო? და იმ ბობოლა ჩინოვნიკს უთქვამს: თქვენგან კი ვინმეზე მსგავსი ხასიათის ერთი ფურცელიც არ შემოსულაო.
ეტყობა ამ თვისებამაც მიიქცია ულმობელ ჯალათთა ყურადღება, რომ ის არასოდეს ყოფილა გარეული პროფესიულ ინტრიგებში. ან კი  სად ეცალა საამისოდ, თავის მომავალ პიესებსა და დიალოგებზე ფიქრით შეძრულს?
პოლიკარპე კაკაბაძე 1911 წელს შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში ნოველა „ბრძენი მოქანდაკით”, რომელიც იოსებ იმედაშვილის რედაქტოობით გამომავალ ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში” დაიბეჭდა.
მისი პირველი პიესა „გზაჯვარედინზე” 1918 წელს დადგა ბაქოს ქართულ თეატრში ცნობილმა რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ. წარმატებულმა დებიუტმა ახალგაზრდა მწერალს მისცა სიმხნევე, რომ მეტი სერიოზულობით მოეკიდა ხელი დრამატურგიისთვის. ასე დაიბადა მისი შემდგომი პიესები: „სისხლი სინათლემდე” და „სამი ასული”, რომლებიც დაიბეჭდა ჟუნალ „შვიდ მნათობში”, რომლის რედაქტორიც თავადვე გახლდათ.
1925 წელს მან რუსთაველის თეატრისთვის დაწერა პიესა „ლისაბონის ტუსაღები” (დამდგმელი რეჟისორი დოდო ანთაძე). ეს პიესა 1964 წელს მარჯანიშვილის თეატრიც დაიდგა (რეჟისორი მედეა კუჭუხიძე), ოღონდ ამჯერად მას „პორტოპოლოს ტუსაღები” ერქვა.
პოლიკარპე კაკაბაძის მიერ 1928 წელს დაწერილ „ყვარყვარე თუთაბერს” არნხული წარმატება ერგო ბათუმ-ქუთაისის სახელმწიფო თეატრში, რომელსაც დიდი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. მან თავად მოჰკიდა ხელი აღნიშნული პიესის დადგმას და მთავარი როლი ანდო უშანგი ჩხეიძეს. ქართული დრამატურგიის არცერთ ნიმუშს თეატრში მსგავსი წარმატება მანამდე არ ჰქონია. სპექტაკლის თანადროულმა გადაწყვეტამ და ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლმა ნამდვილი ტრიუმფის მოწმედ აქცია მაყურებელი. პოლიკარპე კაკაბაძის შემდგომ პიესებს: „კოლმეურნის ქორწინებას“ მარჯანიშვილის თეატრში (1938 წელს), „კახაბრის ხმალს“ ქუთაისის სახელმწიფო თეატრში (1957 წელს), „ცხოვრების ჯარას” (1964 წელი) ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად.
პილიკარპე კაკაბაძემ ისტორიული დრამისა და ტრაგედიის ჟანრშიც წონიანი განაცხადი გააკეთა „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალის“, „მეფე ბაგრატ მეშვიდეს“, „ქეთევანი და კირიონის“, „ქარიშხლის”, „ბახტრიონის”, „დემეტრე მეორის”, „ტყის ქალების” სახით. მისი თითქმის ყველა პიესა შედევრია, მაგრამ
განსაკუთრებული მიზიდულობა მაინც „ყვარყვარე თუთაბერს” აღმოაჩნდა, რომელიც არაერთხელ დაიდგა ქართულ თეატრში, ბევრმა რეჟისორმა გააცოცხლა იგი, მაგრამ რობერტ სტურუამ სრულიად სხვა განზომილებაში გადაიყვანა და მას ქართული თეატრალური ესთეტიკის განმაახლებლის ენერგია შთაბერა…
მწერალ რეზო მიშველაძეს თავის ახალგაზრდობაში დიდი დრამატურგისთვის უკითხავს: „ამბობენ, თითქოს ყვარყვარეს სახეში თქვენ სერგო ორჯონიკიძე იგულისხმეთ?” მას გამჭოლი მზერით შეუხედავს მიშველაძისთვის და უთქვამს:„არა მარტო სერგო ორჯონიკიძე. შენ ახალგაზრდა კაცი ხარ, კარგად მიიხედ-მოიხედე, ყმაწვილო, დღევანდელ ცხოვრებაში ცოტას ხედავ ყვარყვარე თუთაბერს?”
პოლიკარპე კაკაბაძე მართლაც ზედროული მოვლენაა და უფრო ხშირად უნდა იდგმებოდეს საქართველოში. მაყურებელს მუდმივად სჭირდება მისით გამოფხიზლება, რადგან ყვარყვარე არასოდეს წყვეტს არსებობას და ელის შესაფერ მომენტს, რათა თავი კვლავ და კვლავ წამოყოს…
უყურებ დღევანდელ საქართველოს და პოლიკარპე კაკაბაძის შემდეგი სიტყვები: „ყოველ ჭირით შეყრილზე სავალალოა მტერმორეული ერი“ („მეფე ბაგრატ მეშვიდე”)  განსაკუთრებით გხვდება გულზე, რომელიც ერთგვარ გაფრთხილებასავით უნდა მივიღოთ!!! ამიტომაც გვევლინებიან კლასიკოსები ყველაზე საიმედო მრჩევლებად.

სურათზე: პოლიკარპე კაკაბაძის პორტრეტი; მხატვარი ნათელა იანქოშვილი

                                                                             გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები