კოჩიევი ერგნეთის შეხვედრაზე: გავაფრთხილეთ ქართული მხარე, რომ თუ დარღვევები გაგრძელდება, შესაბამისი რეაგირება გვექნება
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა ისაუბრა იმაზე, თუ რა საკითხები დაისვა მათი მხრიდან შეხვედრაზე.
მისი თქმით, “ძირითადი საკითხი, რომელიც დღეს წამოვწიეთ იყო სოფელ წნელისთან ვითარების ესკალაცია”.
“ყოველთვის ვთავაზობთ საზღვარზე ვითარების განმუხტვას, რომელიც უნდა დაიწყოს იქიდან, რომ საგუშაგო უნდა მოიხსნას. როგოც კი ეს მოხდება, შეიძლება ჩვენს სახელმწიფოებს შორის საზღვრის მომავალზე საუბარი”,- თქვა მან.
მისი თქმით, ქართულ მხარეს ამ მოთხოვნაზე მკაფიო პასუხის გაცემა არ შეუძლია.
“ეს საგუშაგო მათ არაფერს აძლევთ, იქ გზა არ არის, არც ხალხია თითქმის, სოფელ წნელისამდე 300 მეტრია, უახლოეს ქართულ სოფლამდე კი თითქმის 3 კილომეტრი. გარდა ამისა, იქ ძალოვანების რაოდენობა იზრდება. გვეუბნებიან, რომ იქ მხოლოდ 12-14 ადამიანი იმყოფება, თუმცა ამ საგუშაგოს გარდა კიდევ აქვთ შექმნილი რამდენიმე პუნქტი, რომელთაგან სულ მცირე ერთი, ჩვენს ტერიტორიაზეა, დანარჩენები კი, ჩვენს საზღვართან უშუალო სიახლოვეს. ამაზე მივუთითეთ დღეს. არის იმედი, რომ ვითარების განმუხტვას შევძლებთ”,- თქვა კოჩიევმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე რიგი ჰუმანიტარული საკითხიც განიხილებოდა, ასევე ინციდენტები, რომლებიც ე.წ.სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევას უკავშირდება, განსაკუთრებით პოლიციელების მხრიდან.
“თუ უბრალო მოქალაქეებმა არ იციან, კონკრეტულად სად გადის საზღვარი, რომელიც ჯერ მონიშნული არ არის, პოლიციელებმა ხომ ეს კარგად იციან. ჩვენს ტერიტორიაზე მათი მხრიდან გადადგმული ყოველი ნაბიჯი – პროვოკაციაა. გავაფრთხილეთ, რომ თუ დარღვევები გაგრძელდება, სამხრეთოსური მხარის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება”, – აღნიშნა იგორ კოჩიევმა.