ანრი ოხანაშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა იყო წარმატებული, მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით წარმართული

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის, მოხსენების და კითხვა პასუხის შემდეგ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა და ამომწურავი პასუხებისთვის ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულების გამოკვეთისთვის, დეტალური პასუხებისთვის. ეს არის ნათელი მაგალითი ანგარიშვალდებულების საქართველოს პარლამენტის წინაშე, თითოეული დეპუტატის წინაშე როგორი მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ბატონი მინისტრი შეკითხვებს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

„ჩვენ კოლეგებო შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის საქმიანობის შეფასებას ვახორციელებთ ორ ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით. ეს გახლავთ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და მართლწესრიგის დაცვა, ვინაიდან სწორედ პოლიციის შესახებ კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი ამ ორ მნიშვნელოვან სფეროზე. აქედან გამომდინარე, შეფასებაც ეფუძნება სწორედ ამ ორ კრიტერიუმს. კერძოდ, ამ ორ კრიტერიუმში: საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგში არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა: საფრთხეების თავიდან აცილება, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, დანაშაულისა და სამართალდარღვევათა გამოვლენა და მათზე სამართლებრივი რეაგირება, საგანგებო მდგომარეობის დროს შესაბამისი მონაწილეობა. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, მთელ გუნდს მუშაობა.

თითოეული მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა იყო წარმატებული, მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით წარმართული“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები