ნოქალაქევსა და ლეძაძამეში სოფლის კრებებზე პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უკვე ჩატარდა 175 სოფლის კრება და 126 კონსულტაცია, რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების არჩევა ისევ მიმდინარეობს.

დღეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების ნოქალაქევისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო კრებებზე შეირჩა. მოსახლეობის საერთო კრებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – მალხაზ თორია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან კუპრეიშვილი დაესწრნენ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენს რეგიონში უკვე ჩატარდა 175 სოფლის კრება და 126 კონსულტაცია. ჩვენ დღეს ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას შევხვდით სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მოქალაქეებმა აირჩია ის პრიორიტეტული პროექტები, რისი საჭიროებაც თვითონ აქვთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, სადაც სოფლის მცხოვრებლები თვითონ ირჩევენ იმ საკითხებს რისი გადაჭრაც სურთ, შემდეგ კი ხდება მუნიციპალიტეტის მიერ მისი განხორციელება. ეს კომუნიკაცია მნიშვნელოვანია საჭიროებების პირველწყაროსგან გასაგებად და შემდეგ მათ მოსაგვარებლად“, – განაცხადა მალხაზ თორიამ. განსახორციელებელი პროექტების შესახებ ნოქალაქევსა და ლეძაძამეში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში: ჯიხას სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის და არხის მოწყობა, სოფელ ლებაღათურიეში, ახალ ხიდზე, ტროტუარის მოწყობა, სოფელ ძიგიდერში, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, გახომელას უბანში, სკვერის კეთილმოწყობა. ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, სოფელ ბეთლემში არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ლეგოგიეში, ცენტრალურ გზაზე არსებული მილხიდის რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის მოწყობა. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მაქსიმალურად მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე და პრობლემაზე დროული რეაგირების საუკეთესო შესაძლებლობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები