“ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების უფლებები დაცულია” – საგარეო უწყება

ესპანეთში პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადაზიდვისთვის დაკავებული ქართველი მეზღვაურების უფლებები დაცულია.

ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებულთა ადვოკატზე დაყრდნობით განუცხადეს.

უწყებაში ადასტურებენ, რომ “ესპანელი სამართალდამცავების მხრიდან შევიდა ასევე ინფორმაცია საელჩოში. საკონსულო დაწესებულება ხაზზეა როგორც დაკავებულების ადვოკატთან, ასევე, მათი ოჯახის წევრებთან, რომლებიც საქმის კურსში არიან საქმის შესახებ. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულების უფლებები არის დაცული. საქმის დეტალებს რაც შეეხება, საქმეს იძიებს ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები”.

როგორც “კვირას” საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უთხრეს, მათთვის ამჟამად უცნობია, როდის გაიმართება ესპანეთის სამართალდამცველების მიერ დაკავებული 4 ქართველი მეზღვაურის სასამართლო პროცესი.

რაც შეეხება ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში მომხდარ ინციდენტს, 23 თებერვალს სამართალდამცველებმა პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი გემი გააჩერეს, რომელსაც 3 ტონა კოკიანი გადაჰქონდა. თუმცა, მტკიცებულებების განადგურების მიზნით, ნარკომოვაჭრეებმა გემი ჩაძირეს. ოპერაციის შედეგად ეკიპაჟის 9 წევრი დააკავეს, მათგან 4 საქართველოს მოქალაქე იყო.

სამართალდამცველებმა წყლიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულთა შორის ასევე თურქეთის მოქალაქეებიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები