ჩეხეთის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი – ანდრეი ბაბიში ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში ჩეხეთის პრემიერი ხაზს უსვამს საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებს და ადასტურებს მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. „თქვენო აღმატებულებავ! გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასა და პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. ძალიან ვაფასებ პოზიტიურ, მეგობრულ ურთიერთობებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება საერთო ინტერესების ყველა სფეროში. გიდასტურებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას, განსაკუთრებით – კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერმინისტრის ოფიციალურ მილოცვაში.