„ეკონომიკის აღდგენის მოლოდინი პოზიტიურია“ – გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენის მოლოდინი პოზიტიურია. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ცუცქირიძემ კოვიდშეზღუდვების მოხსნის გეგმა შეაფასა, რომელიც მთავრობამ წარადგინა.

„ვიცით, ეკონომიკის გახსნის თვალსაზრისით როგორი სასტარტო პირობაა. უკვე გამოქვეყნებულია წლის დასაწყისის მონაცემი, ეს ეხება იანვრის მონაცემს, ეკონომიკის ორნიშნა ვარდნაა – 11,5 %. ეს მოსალოდნელი იყო. მართალია, ახალის წლის დღეებში ეკონომიკა გარკვეულწილად გაიხსნა, მაგრამ 28 ნოემბრიდან საკმაოდ მკაცრი „ლოქდაუნი“ იყო, ფაქტობრივად, დღემდე გაგრძელდა. ამის შედეგი პირველი ,,ლოქდაუნის,, დროსაც ვნახეთ, როცა ეკონომიკური ვარდნა გაცილებით მეტი იყო – 17, 5 % -ზეც კი ავიდა.
როგორ შეიძლება, შეფასდეს წლის პერსპექტივა: თუ ვიტყვით, რომ ეკონომიკა, ფაქტობრივად, მარტიდან გაიხსნება, შეგვიძლია, შევაფასოთ მარტიდან რა ტენდენცია გვექნება წლის ბოლომდე. ვარდნა გვექნება, ალბათ, პირველ კვარტალში. შეგვიძლია, პირველ ყოვლისა, ავიღოთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და სარეიტინგო სააგენტოების წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი. ვგულისხმობ იმას, რაც უკვე გამოქვეყნდა. თებერვალში ორი მნიშვნელოვანი რეიტინგი გამოქვეყნდა.
სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო სააგენტო, S&P Global-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელ, BB დონეზე დატოვება მიუთითებს არა მხოლოდ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პოზიტიურ მოლოდინზე, ასევე, პირდაპირ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არც პოლიტიკური კრიზისია და, მით უმეტეს, არ დგას ვადამდელი არჩევნების რაიმე წინაპირობა, ოპოზიცია როგორც  უნდა ცდილობდეს, ეს დამდგარ რეალობად წარმოსახოს. ხელისუფლების ლეგიტიმაციის დეფიციტზე აქ საუბარიც კი ზედმეტია. ეს მართლა ასეც რომ იყოს, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი სულ მინიმუმ ორი „ბ“ მინუსი მაინც იქნებოდა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ზედიზედ ორი წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს მიერ ქვეყნის სუვენერული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება მიანიშნებს, რომ ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა დადებითი მოლოდინების მატარებელია.

„ამ თვეში ზედიზედ ორი წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს მიერ ქვეყნის სუვენერული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება მიანიშნებს, რომ, მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ნიშნულამდე შემცირებისა, რაც გასული წლის ნოემბრის ბოლოდან მეორე ტალღის „ლოქდაუნის“ გამოძახილია, ასევე, იმ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციისა, რაც ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლის ბოიკოტირებით მიმდინარეობს, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ისე – სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან დადებითი მოლოდინების მატარებელია.
კონკრეტულად კი, სააგენტო S&P Global-ის მოლოდინით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.0 პროცენტი იქნება, „ფითჩის“ პროგნოზი 4.3 %, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია როგორც რეგიონში, ისე ევროპაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სააგენტოს შეფასება, რომ საქართველო ინვესტორების განწყობის ცვლილებების მიმართ BB კატეგორიის ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად მოწყვლადია. ეს კი პოსტპანდემიურ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფი აღდგენის პერსპექტივას ქმნის, ბუნებრივია, თუ პოლიტიკური პროცესი სტაბილიზაციისაკენ წავა, რადგან ქვეყნის სუვენერული საკრედიტო რეიტინგი განსაზღვრავს იმ რისკ- პრემიას, რომლითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები ადგილობრივ ეკონომიკას აფასებენ.
ეკონომიკის აღდგენის მოლოდინი პოზიტიურია. Fitch-ის პროგნოზით, გასულ წელთან შედარებით, წლიური ზრდა გვექნება 4, 3 %. S&P Global-ის პროგნოზი 4 % -ია. ამ კუთხით უნდა შევხედოთ ეკონომიკის პერსპექტივას. დგება კითხვა: ეს კარგია  თუ ცუდია? ზოგადად, თუ ვნახავთ, რომ მარტიდან იხსნება ეკონომიკა, თუ გადავრჩით და არ მოვხვდით მესამე ტალღაში, ბუნებრივია, თავისუფლად გავალთ ამ მაჩვენებელზე, შეიძლება მეტიც იყოს. ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: როგორ დაიცავენ სავაჭრო ცენტრები რეგულაციებს, რამდენად იქნება კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე,
მესამე ფაქტორია ის, თავად ჩვენ როგორ მოვიქცევით, ჩვენი მოქალაქეები რამდენად პასუხისმგებლიანები იქნებიან. მეოთხე ფაქტორია ვაქცინაცია.
კოვიდფაქოტრის ზეგვალენის ნეიტრალიზაცია მოხდება, თუ მასობრივი ვაქცინაცია იქნება, რაც მთელს მსოფლიოშია დაწყებული“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკის კოლაფსსა და საბიუჯეტო კრიზისზე საუბარი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„რომელ ეკონომიკის კოლაფსსა და საბიუჯეტო კრიზისზე შეიძლება, იყოს საუბარი, როდესაც, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს არ შეუჩერებია ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა: პენსიების ინდექსირება, დღგ-ის სრულად ავტომატური დაბრუნების რეფორმა, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება კი არ შემცირდა, პირიქით სარეკორდო მაჩვენებლამდეა გაზრდილი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ცალკეული, ამ ტიპის შეფასებების პოლიტიკურად მოტივირებულ და სუბიექტურ ხასიათზე.
დღეს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი გამოწვევა მაკროეკონომიკური სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერებაა, რადგან იგი საკრედიტო რეიტინგებზე პოზიტიურად პირდაპირ აისახება, რაც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს საინვესტიციო რეიტინგამდე უკვე 2024 წლისათვის აამაღლებს. შესაბამისად, გაზრდის რა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, ახალი სამუშაო ადგილებს და სწრაფ ეკონომიკურ ზრდასაც უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, დღეიდან კოვიდრეგულაციების მოხნის კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო.
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია:
რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან.
სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან.
კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 -ელი მარტიდან.
სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 -ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან.
სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან.
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ელი მარტიდან;
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან.

ამასთან, 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები