ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე ქართული ფილმების რეტროსპექტივას შესთავაზებს

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმოდ გახსნის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს შესთავაზებს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინრეტროსპექტივას. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის მსგავსად, რესტოსპექტივაც ორ ნაწილად, მარტსა და ივნისში გაიმართება.

 მარტის თვის პროგრამა:

6 მარტი – „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“
ლეგენდარული ქართველი რეჟისორის – გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ იყო პირველი ქართული ფილმი, რომელიც 1986 წელს საბჭოთა კავშირის სახელით „ბერლინალეზე“ გამოჩნდა და საქართველოსა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი. ფილმი წარმოდგენილი იყო ფესტივალის მთავარ კონკურსში და მას გადაეცა „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის.

13 მარტი – „უძინართა მზე“
თემურ ბაბლუანის გახმაურებული ფილმი „უძინართა მზე“ კიდევ ერთი ქართული ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს „ვერცხლის დათვი“ მოუტანა. ფილმი 1993 მონაწილეობდა ფესტივალის მთავარ კონკურსში, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით.

20 მარტი – „იქ – ჩემთან“
1992 წელს ზაზა ხალვაში ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი იყო, რომლისთვისაც ფილმი „იქ – ჩემთან “ წარმატებული სტარტი აღმოჩნდა. ნამუშევარი წარმოდგენილი იყო სექციაში „ფორუმი“ და მას შემდეგ იგი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

27 მარტი – „მზის ქალაქი“
რეჟისორი და პროდიუსერი რატი ონელი 2017 წელს ბერლინალეზე წარდგა დოკუმენტური ფილმით -„მზის ქალაქი“. იგი აჩვენეს სექციაში „ფორუმი“. ფილმმა მიიღო არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო.

ფილმების ონლაინჩვენებები ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში 22:00 საათზე გაიმართება.

კინოკლუბში გასაწევრიანებლად აუცილებელია გადასვლა ბმულზე: https://www.facebook.com/groups/135578411346783

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენაა, რომელიც კანისა და ვენეციის კინოფესტივალებთან ერთად, ევროპის წამყვან კინოფესტივალთა სამეულში შედის. საქართველოს თანამშრომლობა ბერლინალესთან 35-წლიან ისტორიას ითვლის და ამ წლების მანძილზე არაერთი ქართული ფილმი ღირსეულად წარდგა კინოფესტივალზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები